საზოგადოება
მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. სასამართლომ დაადგინა პროკურორ ირაკლი შოთაძის შუამდგლომლობა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს პატიმრობის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდეს. ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობით. ბრალდებულ ნიკა მელიას პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, ხოლო დაკავების შემთხვევაში მოთავსებული იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში. განჩინების შესრულება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სასამართლო ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით შესაბამისად, სისხლის სამართლის 200- მუხლის მეხუთე მეშვიდე ნაწილში პირდაპირ არის გაწერილი, რომ თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული არის გირაო და დაირღვა დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. დარღვევაში იგულისხმება გირაოს თანხის არგადახდა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულმა დაარღვია აღკვეთის ღონისძიების გირაოს პირობები. ინფორმირებული იყო სამართლებრივი შედეგების თაობაზე, საჯაროდ გამოსვლისას აცხადებდა, რომ არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ გადაიხდის გირაოს თანხას, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. დასაბუთებული განჩინება ჩაბარდება მხარეებს“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა.

პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრებოდა. პროკურატურა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვდა. ხოლო ადვოკატები ითხოვდნენ, ნიკა მელია მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა. პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა, მისი აცილების შესახებ. ამასთან, ადვოკატებმა მოითხოვეს პროცესის ხვალისთვის გადადებაც, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა.

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

   ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვისსისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა. გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავდა. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს სწორედ ამ დღეს მიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა.