"Через Грузию неизбежно проходят в сердечном плане русские поэты"
Н. Тихонов
ბრძოლაში მამიდები ჩაებნენ
„სტუმრები, სტუმრები, სტუმრები... ნეტავ ვინმე მიხსნიდეს მათგან. და, რაც მთავარია, მუშაობაში ხელს მიშლიან“, – წუხდა ესენინი. არადა, მუშაობა სურდა. დასასრულებელი იყო „სპარსული მოტივები“, დროისა და განწყობის დაკარგვა არ შეიძლებოდა. და 6 დეკებერს ესენინი ნიკოლაი ვერჟბიცკისთან ერთად ბათუმში გაემგზავრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გაზეთმა „Трудовой Батум“ „სპარსული მოტივების“ პირველი ორი ლექსი დაბეჭდა.
ესენინს განმარტოება ენატრებოდა, ალიაქოთს გაურბოდა, მაგრამ საკუთარ თავს – ვერა. არ სჭირდებოდა ეს მარტოობა, არ შეეძლო ადამიანებისგან გარიყულად ცხოვრება, ის კაცი არ იყო, ვინც ოთხ კედელშუა გამოიკეტებოდა და მთლიანად მუშაობაში ჩაეფლობოდა.რა თქმა უნდა, ესენინის ბათუმში ჩასვლამ საყოველთაო ინტერესი გამოიწვია, ყურადღებაც მიიპყრო. ქუჩაში აჩერებდნენ, ეცნობოდნენ, რესტორანში ეპატიჟებოდნენ. მთელი დღეები მხიარული თანამესუფრეებით იყო გარშემორტყმული.
ჩემს ბათუმელ მამიდებს მათმა ნაცნობმა მხატვარმა საიდუმლო და საპასუხისმგებლო მისია აკისრებინა: პოეტი ბოჰემისა და გაჭიანურებული ქეიფისგან დაეცვათ. და მამიდებიც გაბედულად ჩაებნენ ფხიზელი ცხოვრების წესის დასამკვიდრებელ ბრძოლაში.
ამ მხრივ განსაკუთრებით უფროსი და ანა ალექსის ასული ჩაჩუა ბეჯითობდა, გათხოვების შემდეგ – ლაპა-სტარჟენეცკაია. შუათანა და – მხატვარი ოლღა, ქმრის გვარით – სელეზნიოვა, მისი საიმედო დამხმარე გახლდათ; ხოლო ჩემს უმცროს მამიდა ქსენიას დამკვირვებლის პოზიცია ეკავა, რადგან მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა, თუმცა დების კეთილშობილურ აღმაფრენას ხელს არ უშლიდა. რა იცი, რა ხდება!
თავდაპირველად საჭირო იყო ესენინის გაცნობა და საკუთარი შესაძლებლობების შეფასება. ამის გაკეთება კი ძნელი არ იყო: პატარა ქალაქში მთელი ინტელიგენცია ხელისგულზე მოჩანდა. მამიდა ანა სერგეი ესენინის მეგობარსა და მასპინძელს – ლევ პოვიცკის ესტუმრა.
შინ იყვნენ. სუფრასთან ისხდნენ და ჩაის მიირთმევდნენ. როგორც მამიდა ანამ მიამბო, ესენინი გულღიად შეხვდა, ჩაი შესთავაზა. ვერ ვიტყვი, რომ ანას დანახვისთანავე მოეწონა ესენინი: ჩვეულებრივი ბიჭი, რომელსაც ლამაზი ოქროსფერი კულულები და სევდიანი ცისფერი თვალები ჰქონდა. „თუმცაღა, როგორც კი ჩვენი თხოვნით თავისი ლექსების კითხვა დაიწყო, მაშინვე მომხიბლა თავისი უშუალობით, სითბოთი, ოდნავ ყრუ ხმის ტემბრით. ამდენი წელი გავიდა, მე კი მისი ხმა ვერ დავივიწყე“.
მამიდამ დიდი საიდუმლო გამანდო და მაცნობა, რომ მშვენიერი ლექსები იყო, თუმცა... მისი პირველი ქმარი ამაზე ურიგო ლექსებს როდი წერდა. რა გაეწყობოდა, სიყვარული ალაპარაკებდა.
გამომშვიდობების დრომ რომ მოაწია, მამიდა ანამ სერგეი ესენინი სტუმრად მიიპატიჟა. მადლობა ღმერთს, იქვე ცხოვრობდა.
სერიოჟკა, როგორც მამიდა ანა ეძახდა, დაუმეგობრდა და, ჩვეულებრივ, მცირე ხნით შემოივლიდა ხოლმე. „დაჯდებოდა. დაჟინებით სადღაც შორეთში იცქირებოდა, თითქოს იქ რაღაცას ხედავდა, მაგრამ არა იმას, რაც ცხვირწინ ჰქონდა. გისმენდა, თუმცა ისე, თითქოს შენი არ ესმოდა. „თქვენთან ისე მოვდივარ, თითქოს ჩემს დებთან“, – ასე ამბობდა. მართლაც, გული მოუწევდა ჩვენკენ, რადგან მუდამ თბილად, გულღიად და გულითადად ვხვდებოდით. რაც მთავარია, ახალგაზრდობის მიუხედავად, მისი გულის მონადირებას არ ვცდილობდით“.
ყოველ ხუთშაბათს დები ჩაჩუების სახლში მუსიკალური საღამოები ეწყობოდა, სადაც ბათუმის ბომონდი იყრიდა თავს. მამიდა ოლღას დედამთილის, პიანისტ ელენა სელეზნიოვას მიერ ორგანიზებულ საშინაო კონცერტებში მისი სიძე, მევიოლინე დ. ლეგკერი, პიანისტი ნეიშტადტი და სხვებიც მონაწილეობდნენ. კონცერტებზე ესენინსაც იწვევდნენ. თუმცა, ანას აზრით, ის მოწყენილი იყო – კლასიკა მის გულს ვერ ეხმიანებოდა. „თვალწინ მიდგას დივანის კიდეზე ჩამომჯდარი მისი დაძაბული ფიგურა და კარისკენ მიმართული მზერა. ნახევარსაათიანი მდუმარე ჯდომის შემდეგ ის შეუმჩნევლად უჩინარდებოდა. ეტყობა, მშობლიური ტალიანკის ხმები უფრო იზიდავდა, – ამბობდა მამიდა, – სამუდამოდ დამამახსოვრდა, ვისაც უნდა შეხვედროდა, სადაც უნდა ყოფილიყო, მუდამ საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი, ნაღვლიანი და იქ არმყოფი...“
ერთხელ ერთ ასეთ საღამოზე ესენინი ნასვამი მოვიდა, თუმცა გაფრთხილებული იყო, რომ ამ მდგომარეობაში ზღურბლზეც არ გადააბიჯებინებდნენ. ბოთლიც კი წამოეღო თან. კაკუნის ხმაზე გამოსულმა მამიდა ქსენიამ ამ უმსგავსობის დანახვაზე მკაცრად მოსთხოვა იქაურობის დატოვება. ისიც დამორჩილდა: აბა კეთილშობილ ოჯახში აყალმაყალს ხომ არ ატეხდა!
მრავალი წლის შემდეგ, როცა უკვე დიდი ვიყავი, მამიდა ქსენიას ვუსაყვედურე იმის გამო, რომ სახელგანთქმული პოეტი ასე უხეშად დაითხოვა სახლიდან. „რატომ მოვიდა მთვრალი?“ – არ შემეპუა იგი. რაღა უნდა მეთქვა?
ანა ხშირად ხვდებოდა ესენინს. უყვებოდა საკუთარ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ როგორ დატოვა თეთრებთან ერთად სამოქალაქო ომის ალში გახვეული კიევი, გადასახლდა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი – მშობლიურ ბათუმში. თავსგადახდენილ ამბებს უამბობდა სერგეი ესენინიც...
სხვათაშორის, თავისი ბიოგრაფიის ბევრი ფაქტი მამიდა ანამ შემდეგ ესენინის ცნობილ პოემაში – „ანა სნეგინა“ – ამოიკითხა. არა, ის არ ირწმუნებოდა, რომ გმირი ქალის პროტოტიპი იყო, მით უფრო, მას შემდეგ, რაც ლიტერატურათმცოდნეებმა გამოიტანეს ვერდიქტი – ეს ორი ქალის – ანა სარდანოვსკაიასა და ლიდია კაშინას ლიტერატურული სახეები იყო.
მამიდა ანა არასოდეს კიცხავდა სერიოჟკას. იცინოდა მის გამოხდომაზე, როცა ის ბულვარზე, ძელსკამზე ჩამომსხდარი კოხტა ქალების დანახვაზე მათკენ გაემართა, ხოლო გზად ფეხსაცმლის მწმენდავი ბიჭისგან მისი ყუთი ითხოვა. ქალების წინ მუხლებზე დაეშვა და სთხოვა: „ნება მომეცით, ქალბატონებო, ფეხსაცმელი გაგიწმინდოთ“.
ქალებმა იცნეს ესენინი, შეცბნენ, მტკიცე უარი განუცხადეს, პოეტი კი თავისას არ შლიდა. სიტუაცია დროულად გამოჩენილმა ლევ პოვიცკიმ განმუხტა.
„ასე რომ, არც ისე კარჩაკეტილად და ეულად ცხოვრობდა ესენინი, როგორც ამის შესახებ მოსკოვში ბენისლავსკის სწერდა. მისი მარტოობა შინაგანი იყო და გარეგნული გამოხატულება არ ახლდა. ბათუმში ჩხუბის ატეხის მცდელობები და სხვაგვარი უცნაური შემთხვევებიც ჰქონია“, – ირწმუნება მამიდა ანა.
მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან, ოლგა კობცოვასთან, გაჩაღებულ მის ბობოქარ რომანსაც უძებნიდა გამართლებას, თუმცა ქალს, რომელსაც ესენინი „მის ოლს“ ეძახდა, სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, მშობლებიც კონტრაბანდისტები ჰყავდა. რა მოხდა მერე, ახალგაზრდობით მოუვიდა, არ უწყოდა, რას სჩადიოდა. შემდეგ დაშორდა ოლგას.
ფხიზელი ცხოვრების წესისთვის ბრძოლა როგორ დამთავრდა? გულწრფელად უნდა ვაღიარო: მამიდა ანამ ეს ბრძოლა წააგო. არ უშველა, მისი თვალსაზრისით, მძლავრმა იარაღმაც – მუქარამ, რომ ესენინთან ერთად სამიკიტნოებში ივლიდა. პოეტმა ხომ იცოდა, რომ ახალგაზრდა ინტელიგენტი ქალი ამას არასოდეს გააკეთებდა.
„თებერვლის ბოლოს ესენინი ძალზე გახარებული და გამოცოცხლებული ვნახე. ხელი ჩამომართვა და ხალისით მამცნო:
– მივემგზავრები, ანა ალექსეევნა, მოსკოვში, შინ მივემგზავრები, მომენატრა იქაურობა!
რატომღაც გუნებაში გამიელვა, რომ ბათუმში მისი სტუმრობა იძულებითი იყო. თუმცაღა არაფერი მიკითხავს, გულითადად მივულოცე და ბედნიერი მგზავრობა ვუსურვე“.
და მაინც, სერგეი ესენინმა მამიდაჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მის შესახებ ანა მრავალი წლის განმავლობაში წერდა რომანს, რომელსაც „ეკლიანი გზა“ უწოდა. რომანში სიმართლე და გამონაგონი ჰარმონიულად იყო შერწყმული, თუმცა ის არ გამოცემულა. მხოლოდ როსტოვის ერთ-ერთმა გაზეთმა დაბეჭდა მისი რამდენიმე თავი.
გამოხდა დრო. „ჩვენი ბობოქარი და თამამი ახალგაზრდობა წარსულს ჩაბარდა“, „მოგონებების ჟამი დადგა“ და ცნობილმა ქართველმა პოეტმა გიორგი ლეონიძემ, რომელსაც მეგობრები გოგლას ეძახდნენ, დაწერა: „სულ უფრო ხშირად ვიფორიაქებ მეხსიერებას და წარსულიდან მეგობრებისა და თანამოძმეების ხატებებს ვუხმობ. მათ შორისაა მომაჯადოებელი ძალისა და განუმეორებელი მომხიბვლელობის მქონე კაცი – დიდი რუსი პოეტი სერგეი ესენინი. თითქოსდა ჩამესმის მისი ხმა, 40-ზე მეტი წლის წინათ რომ ჟღერდა...
მტკიცე სიყვარულის აღელვებული გამოძახილით ვპასუხობდით მას – პოეტს, ჩვენი დროისა და ახალგაზრდობის მუსიკა რომ მოიცვა. თეთრი არყისხის შეურყვნელი სიქათქათით წარმომიდგება თვალწინ – ნათელი, ცისფერთვალა, ჩემი კეთილი მეგობარი და თანამოკალმე.
...ქართული პოეზიის ნიმუშების თარგმნა ჰქონდა ჩაფიქრებული... საქართველოს შესახებ ლექსების ცალკე ციკლის შექმნა სურდა... თუმცა მანაც, მაიაკოვსკივით, „ვალში რომ დარჩა ბაღდათის ზეცას“, ვერ შეძლო ბევრი დიდი გეგმის განხორციელება, პირველმა თავად რომ ჩაიფიქრა და შემდეგ რუსი საბჭოთა პოეტების დიდი ოჯახის წევრებმა რომ განახორციელეს“.
სერგეი ესენინის წერილიდან ტიციან ტაბიძისადმი:
„ჩემო მეგობარო ტიციან! უკვე მოსკოვში ვარ. ძალიან მიხარია, რომ მეგობრებს ვხედავ, ვიხსენებ და ტფილისზე ვუყვები. ჩვენი თავგადასავლები აქ უკვე იციან იმის ჩათვლით, პაოლოს კეპს ხაშში როგორ ვხარშავდით.
საქართველომ მომაჯადოვა. როგორც კი მოსკოვსა და პიტერში ჩემს კუთვნილ ჰაერს შევსვამ – უკანვე, თქვენკენ გამოვეშურები, რომ გიხილოთ და მოგეხვიოთ. ამ გაზაფხულზე ტბილისში, ალბათ, მოსკოველთა ნამდვილი შემოსევა იქნება. მანდ ჩამოსვლას აპირებენ კაჩალოვი, პილნიაკი, ტოლსტაია და ვს. ივანოვი. ბაბელი უფრო ადრეც გეწვევათ. გულღიად შეხვდით. კარგი ყმაწვილია და სტუმართმოყვარეობას იმსახურებს. ჰკითხე პაოლოს, რომელი თოფი ვიყიდო ტახებზე სანადიროდ. ნომერი მომწეროს.
მომიკითხე ყველა ჩემი მეგობარი – პაოლო, რობაქიძე, ლეონიძე და გაფრინდაშვილი. ხელზე ემთხვიე შენს მეუღლესა და ქალიშვილს და თუ არ დაიზარებ, ორიოდ სიტყვით მიპასუხე.
20 მარტი, 1925 წ. მოსკოვი“
დეკემბერი. ტიციან ტაბიძე „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის წინ მიდის. იქიდან დაუძახეს:
– ტიციან, ტიციან! სერგეი ესენინმა ლენინგრადში თავი ჩამოიხრჩო!
ქართველ პოეტებს თავზარი დაეცათ, მწუხარებამ მოიცვა. მათ ხომ ძმა დაეღუპათ!
ელენე ჩაჩუა
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“