საზოგადოება
"ექიმების საქმე" აფხაზეთში

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზი მედიკოსების ნაწილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის და მისი მოადგილის მიმართ "პროკურატურის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებები გააპროტესტა". ექიმების აქცია 15 თებერვალს ე.წ. პარლამენტში, "სახელმწიფო და იურიდიული პოლიტიკის კომიტეტის" გაფართოებული სხდომის პარალელურად გაიმართა. აღნიშნულ სხდომაზე, სწორედ მედიკოსების მიმართვას განიხილავდნენ, რომლის ხელმომწერები შეშფოთებას გამოთქვამდნენ საავადმყოფოში მომხდარის გამო და "პარლამენტისგან მომხდარის სამართლებრივ მორალურ შეფასებას" ითხოვდნენ. სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა, წერს "ეხო კავკაზა".

მიმართვაში, რომელსაც 235-მა ადამიანმა მოაწერა ხელი, ნათქვამია, რომ 10 თებერვალს, საავადმყოფოს მთავარი ექიმის აპოლონ გურგულიას და მისი მოადგილის გიორგი ვოუბას კაბინეტების ჩხრეკის მიზნით საავადმყოფოს ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.

"ისინი ნიღბებში იყვნენ, სასამსახურო ძაღლებიც მოიყვანეს, თითქოს განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების ან ტერორისტების დაკავებას გეგმავდნენ", ნათქვამია მიმართვაში. აქვე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავების აგრესიული ქმედებების შედეგად, გიორგი ვოუბას გულის შეტევა დაემართა და მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა საჭირო", - ნათქვამია განცხადებაში. მედიკოსების თქმით, ამ სიტუაციაში, "პრაქტიკულად პარალიზებული იყო საავადმყოფოს მუშაობა, და სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე დაირღვა პანდემიის გამო დაწესებული ყველა სანიტარული ნორმა.

გამოცემის ინფორმაციით, "ექიმების საქმეზე" საგამოძიებო მოქმედებები "სამსახურეობრივი უფლემოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გრძელდება". ექიმის და მისი მოადგილის გარდა, საქმის მესამე ფიგურანტია სამედიცინო დაწესებულების ბუღალტერი - ასლან ცკუა. ის ერთადერთია ბრალდებულთაგან, ვინც ამ ეტაპზე დაკავებულია.