პოლიტიკა
ევროელჩი „შიშობს“, ამერიკისა – ჯერჯერობით დუმს...

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ვშიშობ, რომ ამ საქმეს ასევე ექნება დიდი გავლენა პოლიტიკურ ლანდშაფტზე და შეუძლებელი იქნება საერთო საფუძვლის, საერთო გადაწყვეტის მოძებნა, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებულ კითხვას.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკურ ლანდშაფტში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ როგორც ყოველთვის, კომენტარს არ გავაკეთებ უშუალოდ სასამართლო საქმეზე, რადგან ეს მიმდინარე საქმეა და მას ყველამ პატივი უნდა სცეს. მე ვიტყოდი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკურ ლანდშაფტში ვნახეთ ტემპერატურის მკვეთრი მატება. მე ვხედავ რისკს, რომ დღევანდელი მოვლენებისა და ტრაექტორიის გათვალისწინებით, შესაძლოა, მივდივართ პრობლემის გაღრმავებისკენ. მე ვშიშობ, რომ ამ საქმეს ასევე ექნება დიდი გავლენა პოლიტიკურ ლანდშაფტზე და შეუძლებელი იქნება საერთო საფუძვლის, საერთო გადაწყვეტის მოძებნა“, – განაცხადა ჰარცელმა.

ამასთან, ჰარცელმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, შეიქმნება თუ არა ჩიხი ნიკა მელიას დაკავების შემდეგ.

„რთულია ამის გამოცნობა, მაგრამ ვშიშობ, რომ იქნება უფრო დიდი გვერდითი ეფექტები, რაც ვნახეთ სხვადასხვა მხარის რეაქციების მიხედვით. ეს დიალოგთან დაბრუნებას და საერთო საფუძვლის მოძებნას უფრო გაართულებს. ეს ჩემი მოსაზრებაა და ვიმედოვნებ, რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება. ამ საკითხზე დღეს იმდენი ვისაუბრე, რამდენიც უნდა მესაუბრა. არ გამორიცხავ, რომ მომდევნო დღეებში დავბრუნდები ახალი რამით, თუმცა დღეისთვის საკმარისად ვისაუბრე ამ თემაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა.