საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთის ხელისუფლებაში იზრდება სომხეთთან დამაკავშირებელი იმ სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის მომხრეთა რაოდენობა, რომელმაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაიაროს.
ამ პროცესს სათავეში უდგას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ასტამურ ლოგუა. რუსულენოვანი მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ სოხუმიდან მოსკოვში სპეციალური მოთხოვნაც გაიგზავნა. ოკუპირებული აფხაზეთი ცდილობს, მოიპოვოს ადგილი მოლაპარაკებათა მაგიდასთან, სადაც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთის შუამავლობით და რეგიონის კიდევ ორი დიდი ქვეყნის მხარდაჭერით, ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებზე დაიწყო საუბარი. თბილისში აცხადებენ, რომ საქართველო არ გახდება იმ კავშირის წევრი, სადაც რუსეთია; თუმცა არ აზუსტებენ, შეეხო თუ არა საუბარი აფხაზეთის რკინიგზის საკითხს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში სტუმრობის დროს.
აფხაზეთი ცდილობს, არ დარჩეს თამაშგარე მდგომარეობაში და შეუერთდეს რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გეგმებს სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვასთან დაკავშირებით.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთი არ უნდა დარჩეს მსგავს პროექტებში მონაწილეობის გარეშე. ჩვენ ყველანი ერთ რეგიონში ვცხოვრობთ... სასიხარულოა, რომ ამ პროექტს შეუერთდა რეგიონის არა მხოლოდ სამი ქვეყანა (რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი), არამედ ისეთი დიდი ქვეყნებიც, როგორებიცაა თურქეთი და ირანი. კარგია ისიც, რომ არსებობს ამ საკითხში შეხების საერთო წერტილები... იმედი მაქვს, რომ აფხაზეთიც მოხვდება ამ პროექტში. იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვაპირებთ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებას, უნდა ვიყოთ ჩართული ყველა პროცესში, ყველა პროექტში, მით უფრო ასეთი დონის, როგორც მინიმუმ - რეგიონულში. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ დიდი ხნის განმავლობაში ქვეყანა დეპოდ, ქვეყანა ჩიხად“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ სოხუმელ კორესპონდენტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ასტამურ ლოგუამ.
აქტიური საჯარო გამოსვლებითა და დე ფაქტო ხელისუფლების აღმასრულებელ სტრუქტურებთან აქტიური საუბრებით ლოგუამ შეძლო, რომ რკინიგზის საკითხის გარშემო სულ უფრო მეტი მომხრე შემოეკრიბა. მანამდე ამ მუდმივად სადავო ინიციატივას სოხუმში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა.
რუსულენოვანი მედიასაშუალებები ბოლო დღეებში ფართოდ აშუქებენ აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით სოხუმის მიერ გამოხატულ ღია თანხმობას და იმასაც აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან რუსეთის დუმაში ამ საკითხთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნა გაიგზავნა. თუმცა, როგორც „ეხო კავკაზა“ სოხუმიდან იტყობინება, წერილები გაგზავნილია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ პროექტში ჩართულ ყველა ქვეყანაში.
ასტამურ ლოგუა აღნიშნავს, რომ აფხაზეთი მზად არის „თანაბარი უფლებებით მიიღოს მონაწილეობა“ რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნის პროექტში და საწყის ეტაპზე შესაძლებელია, მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები დაუშვან.
რკინიგზა, რომლის გახსნასაც აფხაზეთი ითხოვს, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც გადის. სომხეთისკენ მიმავალ ამ მარშრუტზე მატარებლებს 1993 წლის შემდეგ აღარ გაუვლია. სოხუმში იციან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიცია, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა მისაღები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი მდინარე ფსოუზე საქართველოს მესაზღვრეები დადგებიან, ანუ თუკი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. თუმცა ასტამურ ლოგუა ფიქრობს, რომ ორივე მხარის ინტერესთა გათვალისწინებით ამ საკითხსაც დიალოგის გზით მოევლება:
„პირველ რიგში, მოლაპარაკებების პროცესი უნდა დაიწყოს. და მე მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. თავად საქართველოში უნდა გაიგონ, რომ თუ აფხაზეთი და საქართველო ამ პროექტში ვერ მოხვდებიან, საქართველოს დიდი ზარალი მიადგება“.
ყარაბაღის ზავისა და სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გამყარების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ახალ სატრანსპორტო პროექტში ჩართვისკენ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მოუწოდა. ექსპერტების დიდ ნაწილს მაშინ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მოწოდება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის შეთავაზებას გულისხმობდა. მათ არც ახლა ეპარებათ ეჭვი, რომ სოხუმი მოსკოვის სურვილს ახმოვანებს.
2020 წლის დეკემბრის მიწურულს შეშფოთების კიდევ ერთი საფუძველი გააჩინა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გახმაურებულმა ინიციატივამ „კავკასიური პლატფორმის“ შექმნის შესახებ. ეს ფაქტი დროში დაემთხვა აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების ინიციატივას - რეგიონში ახალი პლატფორმის შექმნის თაობაზე, ამ ორი ქვეყნის გარდა, რუსეთის, სომხეთის, ირანისა და საქართველოს მონაწილეობით.
მოგვიანებით პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განმარტა, რომ მის განცხადებას არავითარი კავშირი არ ჰქონდა რუსეთის მონაწილეობით შექმნილ პლატფორმასთან. პრეზიდენტის განცხადებების განმარტება სცადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც. მან თქვა, რომ პრეზიდენტს სხვა პლატფორმა ჰქონდა მხედველობაში და საქართველო ვერ გახდებოდა რუსეთის მონაწილეობით შექმნილი პროექტის ნაწილი.
„ძალიან რთულია, რომ რაღაც გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, ვისაც აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი... საქართველო არის მომხრე პირდაპირი დიალოგის, რათა რეგიონში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, მაგრამ წითელი ხაზი გადის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა დეკემბერში დავით ზალკალიანმა.
მას შემდეგ თბილისს სამუშაო ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია.
მოჰამად ჯავად ზარიფი საქართველოში 28 იანვარს ჩამოფრინდა სომხეთიდან და შემდეგ - თურქეთში გაემგზავრა. მანამდე ის სულ ახალი ნამყოფი იყო რუსეთსა და აზერბაიჯანში. რეგიონული ტურნეს დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეწვევა ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებას და რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
ოფიციალურ განცხადებებში ლაპარაკია რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელობაზე, თუმცა არაფერია ნათქვამი, იყო თუ არა მსჯელობა რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის საკითხზე, თბილისში გამართული შეხვედრების დროს. კორონავირუსით ინფიცირების გამო, მოჰამად ჯავად ზარიფთან მხოლოდ ტელეფონით შეძლო საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. სტუმარს შეხვდნენ პრემიერი გიორგი გახარია და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.