კუკავა სააკაშვილის მიერ პენსიონერებისთვის მიცემული დაპირების შესრულებას საკანონმდებლო დონეზე ცდილობს
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც პენსიის ას დოლარამდე გაზრდის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირებას შეეხება. კანონპროექტი პარლამენტის შესაბამის დეპარტამენტს დღეს პარტიის წარმომადგენელმა მიხეილ ამაშუკელმა ჩააბარა, რომელმაც აღნიშნა, რომ პარტია კანონით განსაზღვრულ ვადებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 30 ათას ხელმოწერასაც წარუდგენს, როგორც ამას შესაბამისი პროცედურა ითვალისწინებს.
„როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაპირებული პენსია სააკაშვილის მხრიდან მხოლოდ მორიგი პიარაქცია იყო, რადგან დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში პენსიის ოდენობა საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება. ამასთან, იგი კვლავ დისკრიმინაციულია რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერთათვის. სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა ამ თემაზე მუშაობს, მეტად ზოგადია და ხელისუფლების დანარჩენი წარმომადგენლების დუმილიც გვაფიქრებინებს, რომ ამ შემთხვევაშიც მორიგ პოპულისტურ ნაბიჯთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ამაშუკელმა. როგორც ცნობილია, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ დაპირებას 2009 წლიდან პენსიის ასი დოლარის ეკვივალენტამდე გაზრდა წარმოადგენდა. თუმცა მთელმა მსოფლიომ, მათ შორის, საქართველომ, 4 თვის წინათ 2011 წლის დადგომა იზეიმა, პენსიის მაქსიმალური ოდენობა კი ჯერჯერობით 100 ლარს არ აღემატება, ისიც – მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით.