პოლიტიკა
საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.
როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, პროკურატურა მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ვინაიდან ეს პროპორციული ღონისძიებაა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ შუამდგომლობა აბსოლუტურად დასაბუთებულია, უბრალოდ, სხვა გზა სამართლებრივად არ არსებობს გარდა პატიმრობის გამოყენებისა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებული, კანონიერია, თუმცა,ბუნებრივია, გადაწყვეტილება სასამართლოზეა. ჩვენ ამის გონივრული მოლოდინი გვაქვს",- განაცხადა სადრაძემ.