საზოგადოება
საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს:
„ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრ კახა მიქაიას განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დიდი ზარ-ზეიმით 7 აპრილს გახსნილი ხობის ახალი საავადმყოფო ამჟამად დაკეტილია და პაციენტებს არ იღებს. „ხობიდან დამირეკა ნათესავმა, მითხრა, რომ არის ავად და იძულებულია, ზუგდიდის საავადმყოფოს მიაკითხოს, რადგან ხობის ახალი საავადმყოფო პაციენტებს არ იღებს. ყოველივე ამის გამო გადავწყვიტე, მომენახულებინა ხობის საავადმყოფო. კარი დაკეტილი დამხვდა. საავადმყოფოში არც ერთი ავადმყოფი არ იყო. ცარიელ საავადმყოფოში მყოფმა რამდენიმე თანამშრომელმა განმიცხადა, რომ საავადმყოფოს ჯერ არცერთი დღე არ უმუშავია და არც ის იციან, საერთოდ, იმუშავებს თუ არა. მე მოვითხოვე, ეჩვენებინათ ის სამედიცინო აპარატურა, რითაც თავს იწონებდა პრეზიდენტი, მაგრამ მათ დაკეტილი ოთახები არ გამიღეს“, – აცხადებს კახა მიქაია. მისი განმარტებით, ზუგდიდიდან, სენაკიდან და ფოთიდან საჩვენებლად ჩამოტანილი სამედიცინო აპარატურა უკანვე დააბრუნეს, თავად ხობის ახალ საავადმყოფოს კი არანაირი სამედიცინო აპარატურა არ გააჩნია“.