საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს აანონსებენ.
გუშინ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც ლიდერებმა ერთიან სამოქმედო გეგმებზე იმსჯელეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ მედიას უთხრა, რომ „25 თებერვალს, [საქართველოს გასაბჭოებიდან] 100 წლისთავზე, [ოპოზიცია] მშვიდობიან მსვლელობა-მანიფესტაციას“ მოაწყობს.
„შევიკრიბებით იმისთვის, რომ საზოგადოებამ გამოხატოს თავისი ლეგიტიმური აღშფოთება და პროტესტი… ამას მოჰყვება რამდენიმე აქცია რეგიონებში და შემდეგ, 31 მარტს, ცენტრალური აქცია [თბილისში]“, – განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
გუშინდელი შეხვედრა დროზე ადრე დატოვეს პარტია გირჩის იმ განაყოფის ლიდერებმა, რომლებიც მმართველი გუნდის მიერ ბუნებრივი საარჩევნო ბარიერის შემოთავაზების შემთხვევში, პარლამენტში შესვლას განიხილავენ. გირჩის ლიდერებმა ოპოზიცია დესტრუქციაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ ისინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „თამაშს თამაშობენ“.
უკვე ოთხი თვეა, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიები, რომელთაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას, „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას ითხოვენ. ამ მოთხოვნებით მათ რამდენიმე საპროტესტო აქციაც გამართეს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს მანდატების შეწყვეტისთვის განცხადებებითაც მიმართეს, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
თავდაპირველად, პარლამენტს ბოიკოტს რვავე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია უცხადებდა, თუმცა, მოგვიანებით, სადეპუტატო მანდატებით სარგებლობა პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესულმა ოთხმა დეპუტატმა გადაწყვიტა. დაახლოებით ორი კვირის წინ, მათ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ქართულ ოცნებასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მოქალაქეების ორი დეპუტატიც შეუერთდა.