ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „Amnesty International“-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სულ ცოტა, „ზედმიწევნით და მიუკერძოებლად“ გამოიძიოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინათ მოხდა.
„[ევროპის სასამართლოს] გადაწყვეტილება დროულად ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას მის ვალდებულებას – დაასრულოს საჯარო მოხელეების დაუსჯელობა. „Amnesty International“-მა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველომ ვერ შეძლო სამართალდამცველების სამართალში მიცემა“, – განაცხადა „Amnesty International“-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე ჯონ დალჰუისენმა.„საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ არსებული ბრალდებების სწრაფი, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება უნდა აწარმოოს და პასუხისმგებელი პირები, მიუხედავად მათი თანამდებობებისა, სამართალში მისცეს“, – განაცხადა მან.
„Amnesty International“-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ყოველგვარი „შეფერხების გარეშე“ განახორციელოს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 26 აპრილს გაიზიარა ხელისუფლების არგუმენტები, რომ, მართალია, სანდრო გირგვლიანი შსს-ის თანამშრომლების მიერ იქნა მოკლული, მაგრამ დამნაშავეები დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდნენ როგორც კერძო პირები და არა როგორც შსს-ის ოფიცრები, თავიანთი ოფიციალური სტატუსით, და არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას.
თუმცა სასამართლომ ყველა დონეზე განხორციელებული საგამოძიებო პროცესი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას „აშკარად აკლდა“ მიუკერძოებლობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ „ის გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა... რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.
სასამართლომ, ასევე, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა რამდენიმე ძირითადი მტკიცებულება, რითაც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 38-ე მუხლი დაარღვია.
სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გირგვლიანის ოჯახისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება ამ თანხას გადაიხდის.
გირგვლიანის ოჯახის ადვოკატებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ, მართალია, ევროპის სასამართლომ სახელმწიფოს მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება პირდაპირ არ დაავალა, მისმა გადაწყვეტილებამ საკმარისზე მეტი საფუძველი შექმნა იმისათვის, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს. თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიანიშნეს, რომ საქმის ხელახალი გამოძიება არ დაიწყება.