საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საელჩოს ინფორმაციით, 10 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მოახდინა თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2016 გადაწყვეტილების რატიფიცირება – „თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მეორე ოქმში – „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ“.
როგორც საქართველოს საელჩოში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.
„ზემოაღნიშნული დოკუმენტით, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. ხსენებული შეთანხმება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომლის გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი და რომლის მიხედვითაც, მოგებული დარჩება როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ბიზნესი. ამასთან, შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.