პოლიტიკა
ევროკავშირმა „შეშფოთებით“ აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კვირის დასაწყისში ცხინვალსა და სოხუმში „საქართველოს ხელისუფლების წინასწარი თანხმობის გარეშე“ ჩავიდა.
„ევროკავშირი არ მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტები შეესაბამება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს“, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის –კეტრინ ეშტონის პრესსპიკერმა 28 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში. „ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს უსვამს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.