საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზმა „დეპუტატებმა“ რუსეთის სახელმწიფო დუმას განცხადებით მიმართეს და რუსეთსა და სომხეთს შორის ოკუპირებული რეგიონის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის პროექტში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოხატეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სოხუმს სურს, თავადაც ისარგებლოს იმ შეთანხმებით, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იანვრის დასაწყისში მიაღწიეს და რომელიც სამ ქვეყანას შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას ითვალისწინებს. როგორც მოლაპარაკებებიდან ირკვევა, მარშრუტი აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ნაწილში გაივლის, რაც პირველად, 90-იანი წლების დასაწყისის შემდეგ, სომხეთს საშუალებას მისცემს, რომ რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინოს.
თუმცა, სომხეთის უმოკლესი სარკინიგზო გზა მისი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის მიმართულებით, საქართველოზე გადის. 200 კმ სიგრძის აფხაზეთის მონაკვეთი 1993 წლიდან მოყოლებული უმოქმედოა.
მედიის ცნობით, აფხაზეთის „საკანონმდებლო ორგანოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა“ 4 თებერვალს ამ საკითხზე სხდომა გამართა, სადაც, ამავე ინფორმაციით, „კომიტეტის თავმჯდომარემ“, ასტამურ ლოგუამ აღნიშნა, რომ „აფხაზეთი უნდა გაიხსნას“.
„ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ აფხაზეთი გახდეს ამ პროექტის მონაწილე თანაბარი პირობებით“, – იმედი გამოთქვა ლოგუამ და დასძინა, რომ „21-ე საუკუნე არის დრო, როდესაც უნდა დასრულდეს იზოლაციის პოლიტიკა, აღიარებულ იქნას თანამედროვე რეალობები და ნორმალური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს“.
სოხუმი და თბილისი ათწლეულების განმავლობაში აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ეწინააღმდეგებოდნენ. მოლაპარაკებების თემამ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირის აღდგენის თაობაზე, რომელზეც ერთ დროს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის 80% მოდიოდა, არაერთხელ წამოიწია, თუმცა უშედეგოდ.
თბილისმა და მოსკოვმა ასევე ვერ წაიწიეს წინ შვეიცარიის შუამავლობით 2011 წელს მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
Civil.ge