აქტუალური
ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხი უახლოეს მომავალში განიხილება

wine1პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ირწმუნება, რომ ქართველი მეღვინეების ნაწილსა და რუსეთის მთავარ სანიტარს შორის შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება. მისი თქმით, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებები მარტში გაიმართა, ამ ეტაპზე კი იურიდიულ დოკუმენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

„რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, რომ არ უნდათ რუსული ბაზარი – ვისაც არ უნდა, ის არ შევა. რუსული ბაზრის გარდა, ქართული ღვინისთვის სხვა ბაზრები მიზერულია“, – აცხადებს კუკავა.

ამასთან, როგორც საქინფორმს კუკავას პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით კუკავასა და ქართველი მეწარმეების შეხვედრის ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, ქართველი მეწარმეებისა და რუსეთის მთავარი სანიტრის – გენადი ონიშჩენკოს შეხვედრის დროც, თუმცა პრესსამსახურში იმასაც განმარტავენ, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

„ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური კი „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის სანიტარიული სამსახური ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდების აღდგენის საკითხის განხილვას აპირებს. რუსული მედიის ცნობით, განცხადება ამის შესახებ თავად რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომაც გააკეთა.

ონიშჩენკო განმარტავს, რომ „აქვს დავალება, გამართოს მოლაპარაკებები „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავასთან და „ნაციონალური გაერთიანების კონგრესის“ პრეზიდენტ ვლადიმერ ხომერიკთან... ისინი გვთხოვენ, განვიხილოთ ტექნიკური საკითხები საკვები პროდექტების, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საუბარია ამ სფეროში შესაძლო თანამშრომლობაზე რუსეთის ტერიტორიაზე ქართული პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან მხოლოდ ერთი საკითხია წამოწეული – ხარისხი და უსაფრთხოება“.