საზოგადოება
ხათუნა სამნიძე - თუ ხელისუფლება შემოგვთავაზებს ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემას, „რესპუბლიკელები“ კენჭისყრაში მონაწილეობას მივიღებთ

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ხელისუფლება თუ ბედავს და მზად არის, შემოგვთავაზოს ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, „რესპუბლიკელები“ მზად ვართ, ამ კანონპროექტს კენჭისყრის დროს, სამი მოსმენით მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები შექმნილ რეალობას გაითვალისწინებენ.

„როდესაც მეორე მხრიდან გვესმის, მზად ვართ, ვისაუბროთ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე, იმ შემთხვევაში, თუ სხვა პარტიები მზად იქნებიან, შემოვიდნენ პარლამენტში, დისკუსია გამართონ. მინდა მათ მივმართო ინიციატივით, დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ოპოზიციური პარტიებიდან გაითავისებენ ჩვენს ამ ინიციატივას. თუ ხელისუფლება ბედავს და მზად არის, შემოგვთავაზოს ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, „რესპუბლიკელები“ მზად ვართ, ამ კანონპროექტს კენჭისყრის დროს, სამი მოსმენით მხარი დავუჭიროთ, მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა. ამას პირველად ვამბობ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გაითვალისწინებენ ამ რეალობას. ამით ჩვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შევუტიოთ. ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას, დარჩენას. ეს ნიშნავს ხელის მიჭერას, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი. არ მაქვს განცდა, რომ ასეთ პირობებში, ოპოზიციურ პარტიებში ამაზე იქნება რაიმე ტიპის წინააღმდეგობა, თუმცა დისკუსია უნდა გაიშალოს“, – განაცხადა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო ბლოკით „ძალა ერთობაშია“ იყო წარმოდგენილი.