საზოგადოება
ირაკლი ზარქუა - დიდი ოპოზიციური პარტიის ინტერესშია 2024 წლის არჩევნებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, “ე.წ. დიდი ოპოზიციური პარტიის ინტერესშია, 2024 წლის არჩევნებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება, რადგან იცის, რომ მაღალ ბარიერს მხოლოდ ის და “ქართული ოცნება" გადალახავს, ხოლო პატარა პარტიები გაქრებიან".

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ინტერესშია, პარლამენტში პატარა პარტიები იყოს წარმოდგენილი და მზად არიან, ბარიერის დაწევის საკითხზე დიალოგისთვის.

"ჩვენ ყველა შეთავაზებაზე, რაც კონსტიტუციასა და სამართალში ჯდება, ოპოზიციას თანხმობა ვუთხარით. არათუ საარჩევნო ბარიერის დაწევა, სისტემას ვცვლით და ელექტრონული საარჩევნო სისტემა შემოგვაქვს. მზად ვართ 0-დან 3-მდე ბარიერი განვიხილოთ, ოღონდ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და უნდა ილაპარაკონ. მარგინალიზაციის გზა განვითარების გზა არ არის", - განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.