საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონის „უშიშროების სამსახურმა“ 8 თებერვალს განაცხადა, რომ ის ორი გამშვები პუნქტის – ოძისისა და ქარზმანის გადაკვეთისთვის ნებართვების გაცემას განაგრძობს.
ამავე ინფორმაციით, ვინაიდან სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ახლოვდება, იმ პირებმა, რომელთაც „საზღვრის“ გადაკვეთა სურთ, „შესაბამისი ნებართვის“ მისაღებად დოკუმენტები წინასწარ უნდა წარმოადგინონ.
ინფორმაციის დასაზუსტებლად „სამოქალაქო საქართველო“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ ამ მომენტისთვის ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ.
ცხინვალის ხელისუფლებამ ოძისისა და სინაგურის გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვები 2019 წლის სექტემბერში, ჩორჩანას ქართულ საპოლიციო საგუშაგოსთან დაკავშირებული „ესკალაციის“ შემდეგ დააწესა.
გასულ წელს, კოვიდ-19-ის ეპიდემიის საბაბით, ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ხუთივე გამშვები პუნქტი ჩაკეტა, რის შედეგადაც ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ისინი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ დროულად გადმოსვლასა და სათანადო მკურნალობის მიღებას ვეღარ ახერხებდნენ.
ნოემბერში მედია იტყობინებოდა, რომ ახალგორის რაიონის მცხოვრებლებმა „ოჯახების გაერთიანების პროგრამაში“ მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს. ამავე ცნობებით, ამისთვის ისინი საკუთარ სახლებს ტოვებდნენ და დანარჩენ საქართველოში ნათესავებთან საცხოვრებლად გადმოდიოდნენ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა აღიარა, რომ „საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობისთვის 46 ადამიანი გადაიყვანეს“.