პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა 4 რეგიონში ახალი რწმუნებულები დანიშნა

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 9 თებერვალს გურიის, მცხეთა მთიანეთის, შიდა ქართლისა და რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

გურიაში რწმუნებულის პოსტი გიორგი სახოკიამ ჩაიბარა, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. მან ამ პოსტზე ზურაბ ნასარაია შეცვალა;

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად წარსულში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ნოზაძე დაინიშნა. ნოზაძემ პოსტზე რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე ჩაანაცვლა;

შიდა ქართლის ახალი რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გახდა, რომელიც 2020 წლის აპრილიდან სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. შიდა ქართლში რწმუნებულის მოვალეობას სიმონ გულედანი ასრულებდა;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება, რომელსაც ეს პოსტი 2013-2017 წლებში უკვე ეკავა. აქ რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი იყო.

თანამდებობებზე დარჩნენ დანარჩენი ხუთი რეგიონის – ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთისა და იმერეთის რწმუნებულები, ასევე კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლები – შოთა რეხვიაშვილი, ბესიკ ამირანაშვილი, ზვიად შალამბერიძე, ირაკლი შიოშვილი და მალხაზ თორია.

იმ დღესვე, გიორგი გახარიამ რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი დანიშნა.