საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე - თუ ოპოზიცია უარს იტყვის კონსულტაციებზე, ჩაითვლება, რომ მათი ბრალდება გაყალბებაზე აღარ არსებობს

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დაწყებამდე პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიაში ოპოზიციის მაქსიმალური მონაწილეობა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძემ ბიუროს სხდომიდან ოპოზიციას მიმართა, პასუხისმგებლობა აიღონ, კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ და 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ საკუთარი ბრალდებები ფაქტებით დაადასტურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, როგორც კი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა დასრულდება, მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ბრალდებები არჩევნების მიმართ აღარ არსებობს.

“ჩვენი პირობა იყო, რომ საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად შევქმნიდით საგამოძიებო კომისიას, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეისწავლიდა. მაშინაც მიგვაჩნდა და დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო. დღეს ჩვენ პრინციპულად მზად ვართ და გაგვაჩნია პოლიტიკური ნება, რომ საკითხი ოპოზიციასთან ერთად შევისწავლოთ, მათი პრეტენზიები საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოვიკვლიოთ და მიუკერძოებელი დასკვნა დავდოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის დადგენილების პროექტი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში აისახა.