საზოგადოება
სოზარ სუბარი გამოდის ინიციატივით, საგამოძიებო კომისიამ გამოითხოვოს ყველა ის საჩივარი, რომლებიც, ოპოზიციის თქმით, არ განხილულა

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ის საჩივარი გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არ განიხილა.

აღნიშნული წინადადებით სუბარი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოვიდა.

“ყველა ამ საჩივრის გამოთხოვა შეიძლება. საზოგადოებას ვეტყვით პასუხს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საჩივარი დაწერილი იყო ან არაუფლებამოსილი პირის მიერ ან ერთი და იგივე საჩივარი შეტანილი იყო ხუთი სხვადასხვა პირის მიერ, რათა რაოდენობა გაზრდილიყო - ეს მართლა ასეა თუ რეალურად საფუძველი ჰქონდა ამ საჩივრებს და სასამართლომ არ მიიღო. საზოგადოებისთვის იმ არგუმენტების წარდგენა, თუ სად არის სიმართლე მარტივად შეიძლება. საგამოძიებო კომისიამ ესეც უნდა გააკეთოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის დადგენილების პროექტი 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში აისახა.