პოლიტიკა
პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილისა და პარტია მოქალაქეების წევრისა და პარლამენტის ახლადარჩეული ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის თანათავმჯდომარეობით, 8 თებერვალს, საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა, ქართული ოცნებისა და საპარლამენტო ოპოზიციის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მხარეებმა სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფორმატზე, პრინციპებსა და სამომავლო კოორდინაციის საკითხებზე იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 15 თებერვალს გაიმართება.

პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი 4 თებერვალს, მას შემდეგ შეიქმნა, რაც ოპოზიციის რამდენიმეთვიანი საერთო ბოიკოტის ფონზე, 29 იანვარს, პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა – ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა გადაწყვიტა.

ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-ზე დაბალი, არაუმეტეს 3%-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა დადგინდეს; უნდა შეიცვალოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესი; საარჩევნო პროცესში უნდა დაინერგოს ელექტრონული ტექნოლოგიები და სხვ.

საგულისხმოა, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევას, საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება (113 ხმა), ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით კი, ამ მომენტისთვის, პარლამენტს ამის რესურსი არ აქვს. საკანონმდებლო საქმიანობაში სულ 96 დეპუტატია ჩართული.

შეთანხმების თანახმად, სამუშაო ჯგუფის ფორმატში საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო კანონპროექტი უნდა შემუშავდეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში არაუგვიანეს 1 მარტისა უნდა დარეგისტრირდეს, პარლამენტმა კი ის არაუგვიანეს 1 მაისისა უნდა მიიღოს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელმა ნინო რიჟამაძემ მედიას განუცხადა, რომ კანონმდებლების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ამომრჩევლის მოსყიდვის, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და საარჩევნო კამპანიებში საჯარო მოხელეების ჩართულობის კუთხით დეტალური ცვლილებების ხედვა არ არის ასახული, რომელთა სამართლებრივი მოწესრიგებაც ასევე მნიშვნელოვანია.

მემორანდუმის ტექსტთან მიმართებით კითხვის ნიშნები აქვთ „საერთაშორისო გამჭვირვალობაშიც“. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის წარმოდგენილი ვერსია“ შეიცავს რისკებს, რომ ეს კომისიები იქნება კვლავ მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ხელისუფლება ვერ შექმნის ილუზიას“, რომ ერთი რომელიმე „დაბალი ელექტორალური მხარდაჭერის“ მქონე პოლიტიკურ პარტიასთან შეთანხმება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს.

ოპოზიციისთვის ვადამდელი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ და ხაზი გაუსვა, რომ „საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვა ტიპის ცვლილებები ამასთან პაკეტში“ უნდა მოდიოდეს.

Civil.ge