საზოგადოება
აფხაზეთში უპასუხეს რუსი პოლიტიკოსის ალექსეი მელნიკოვის წინადადებას – „ახალმა რუსეთმა საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გადაცემის სამზადისი დაიწყოს“

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ცნობილი რუსი პუბლიცისტის ალექსი მელნიკოვის იდეას, რუსეთმა დაიწყოს სამზადისი და დაუბრუნოს საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ხოლო ბელორუსს - დნესტრისპირეთი, ოკუპირებული აფხაზეთიდან მელნიკოვის მიმართ აგრესიით უპასუხეს.

მელნიკოვმა ეს იდეა რადიო "ეხო მოსკვის" ვებ-გვერდზე, ბლოგ-ტექსტში, რამდენიმე დღის წინ გაახმიანა და ის ასე ჟღერდა:

"2021 წლის აგვისტოში “დამოუკიდებლობის” 13 წელი სრულდება. რა არის შედეგი? მსოფლიო თანამეგობრობის თუნდაც ნახევრის მიერ ამ სახელმწიფოების აღიარების მიღწევისთვის რამე მოახერხა რუსულმა დიპლომატიამ?

ვერა, ვერ მოახერხა, თუ არ ჩავთვლთ რამდენიმე სატელიტსა და კლიენტ ქვეყანას. პერსპექტივაც არ არსებობს, ამ დროს კი ეს რეგიონები რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას ისევ იღებენ და ეს არ სრულდება.

“დამოუკიდებლობის” პროექტი წამგებიან, წარუმატებელ გადაწყვეტილებად უნდა ვაღიაროთ. ამ დროისთვის დღის წესრიგში დგას საკითხი, შეწყდეს ძვირადღირებული, უაზრო ექსპერიმენტი და დაიწყოს მზადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, ასევე დნესტრისპირეთის მოლდოვასთვის გადასაცემად.

ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ მსოფლიოში რუსეთისადმი დამოკიდებულება ოდნავ მაინც შეიცვალოს უკეთესობისკენ", - წერს მელნიკოვი "ეხო მოსკვის" ბლოგზე.

აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური აფხაზების რეაქცია მელნიკოვის იდეაზე საკმაოდ აგრესიული იყო და ამას სოციალურ ქსლებში, ასევე აფხაზურ ფორუმებზე განხილვებიც მოწმობს.

ასე მაგალითად, ჰუმანიტარული პროგრამების დირექტორთა საბჭოს წევრი ლიანა ქვარჩელია "ეხო კავკაზასთვის" მიცემულ ინტერვიუში ამ მოსაზრებებსა და რეაქციებს ერთად უყრის თავს და ამბობს, რომ რუსულ ლიბერალურ წრეებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს დნესტრისპირეთის, ყირიმისა და დონბასის კონფლიქტების პარალელურად, ერთი და იმავე საზომით ზომავენ, რაც არასწორია.

"ეს ადამიანები თავს არ იწუხებენ, კონფლიქტებს ჩაუღრმავდნენ და თუნდაც, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების სპეციფიკას დააკვირდნენ. პოსტსაბჭოთა სივრცის პრინციპებით ამ კონფლიქტების შეფასება არასწორია", - ამბობს ქვარჩელია.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის გაწვევა რუსეთის იმიჯს დაარტყამს და ამიტომაც, ნაკლებმოსალოდნელად მიაჩნია.

შეგახსენებთ, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღიარა. ბრძანებულებას ხელი იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.

რუსეთის გეგმა, აღიარების ჯაჭვური რეაქცია წამოსულიყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, კრახით დასრულდა - საქართველოს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, ერთერთმა კი, იქ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აღიარება უკანვე გაიხმო.