პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 თებერვალს მთავრობის სხდომაზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აწ უკვე ყოფილი უფროსი კახაბერ ქემოკლიძე წარადგინა.

ქემოკლიძემ ამ პოსტზე ნათია მეზვრიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2020 წლის ნოემბერში დატოვა.

უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობის დაკავებამდე, ქემოკლიძე 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის აგვისტომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2012-2015 და 2015-2018 წლებში მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შსს-ში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

ამასთან, 2012 წლის ივნისიდან 2018 წლის აპრილამდე, ქემოკლიძე შსს-ს, მოგვიანებით კი – სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ასევე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე იგი ცენტრალური მთავრობის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი იყო.