საზოგადოება
როგორც საქართველოს შს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, 2011-2012 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი საგნის – „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ – სწავლების დაწყებაა ნავარაუდები. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება, ხოლო შემდეგ დიმიტრი შაშკინი და ვანო მერაბიშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას ჩაატარებენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, „ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, საჯარო სკოლებში მეთერთმეტე კლასის მოწაფეები ახალ სავალდებულო საგანს – „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ – გაივლიან“. ამისათვის პედაგოგთა კადრი პოლიციის აკადემიაში სპეციალურად გადამზადდება, სახელმძღვანელოები კი ზაფხულში დამზადდება. ახალი სასწავლო წლიდან საგანი ერთი წლის განმავლობაში სავალდებულო გახდება ყველა საჯარო სკოლისთვის და იმ მოსწავლეს, რომელსაც ამ საგანში ჩათვლა ექნება,„უფლება მიეცემა, მართვის მოწმობა 18 წლამდე აიღოს“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ინიციატივის ბევრ დეტალზე ისაუბრა, მათ შორის, „ვინც მართვის მოწმობას 17 წლის ასაკში აიღებს, 18 წლის რომ გახდება, დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, ახალ, საერთაშორისოდ აღიარებულ მოწმობას მიიღებს...