საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შესწორებები, რაც მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ეხება.
საკანონმდებლო შესწორებებს მხარი 79-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.
როგორც კანონპროექტის ავტორმა, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოიცავს ინფიცირებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯების დაფარვას.
საქართველო მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ემზადება და ვაქცინის თებერვლის ბოლოსთვის მიღების იმედი აქვს. ამ ეტაპზე საუბარია COVAX–პატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა და AstraZeneca-ს შემოტანაზე. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.
გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ექიმებს ჩაუტარდებათ, საბოლოო გეგმა კი თვის ბოლოს დამტკიცდება.