საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი როლი, როგორც ევროპული ფასეულობების შუქურამ კავკასიაში

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველომ, ნატო-სთან და ევროპასთან ერთად, უნდა გააძლიეროს თავისი როლი, როგორც ევროპული ფასეულობების შუქურამ კავკასიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ბრასელზ მორნინგთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, კავკასია ვაჭრობის, ურთიერთკავშირისა და მშვიდობის ცენტრი უნდა იყოს, ევროკავშირს და ნატო-ს კი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით ამ მიმართულებით დახმარების გაწევა შეუძლიათ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა საქართველო ნატო-სთან უფრო ახლოს, ვიდრე 2008 წელს იყო, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამჟამად საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ბევრად უფრო ახლოსაა.

„ჩვენი ნატოელი პარტნიორების დამოკიდებულება თითქმის ერთხმად არის ხელსაყრელი ჩვენი ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ვიზიტს, მეტ სიტყვიერ მხარდაჭერას, მეტ განცხადებას საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ჩვენი შეიარაღებული ძალები ბევრად უფრო ახლოს არიან ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან, ვიდრე ადრე. მაშინაც კი, თუ წევრი სახელმწიფოები ჯერ კიდევ არ არიან მზად, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შესახებ, ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა უფრო მეტ თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე.

განახლებული არსებითი პაკეტი ნატო-საქართველოს შესახებ, რომელიც დამტკიცდა გასული წლის დეკემბერში, არის კარგი მაგალითი, როგორ შეგვიძლია მუდმივად უფრო მეტს ველოდოთ და მეტი მივიღოთ ალიანსისგან. იგივე შეიძლება ითქვას სამხედრო წვრთნებზე. 15 წლის წინ საქართველოში ვის წარმოედგინა ნატო-ს მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნების ეს რაოდენობა, დონე და გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაზე, მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება. საქართველომ აჩვენა თავისი ერთგულება და გამძლეობა. როგორც ბრიუსელში ვთქვი, დადგა დრო ალიანისის შემდგომი სოლიდარობისა და გაბედულებისთვის“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობა ორმხრივად სასარგებლოა, რადგან საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში ქვეყნის თავდაცვის ძალების პროფესიონალიზმს და მზადყოფნას მნიშვნელოვნად ზრდის.

ყარაბაღის ომზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე მეტად შეეფერება რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარების როლის თამაში, როგორც გასულ საუკუნეებში იყო.

„რა თქმა უნდა, როგორც ადრე ვთქვი და ეს არის ის, რასაც მე ხაზი გავუსვი ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრების დროს, ევროპამ და ვაშინგტონმა თავიანთი როლი უნდა ითამაშონ. შესაძლოა, უფრო მეტი როლიც კი, რაც აქამდე სურდათ ეთამაშათ. გადამწყვეტია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მონაწილეობს რეგიონული სტაბილურობის მისაღწევად ამ ძალისხმევაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, გამოცემა „ბრასელზ მორნინგთან“ ინტერვიუში.