პოლიტიკა
თინა ქეიდენაუ: საქართველოს რუსეთთან მსო-ზე მოლაპარაკებებში „ლეგიტიმური წუხილი“ აქვს

tina_kaidanowაშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში თინა ქეიდენაუმ თბილისში 27 აპრილს დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ამერიკულ-ქართული ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „იმედი გვაქვს, რომ შესაძლოა, მიღწეულ იქნეს შეთანხმება რუსეთის გაწევრების პირობებზე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს რუსეთის გაწევრებას [მსო-ში], თუმცა მას, ასევე, მიაჩნია, რომ საქართველოს ლეგიტიმური წუხილი აქვს სავაჭრო საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც საჭიროა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთს შორის მსო-ში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ბერნში 28-29 აპრილს გაიმართება.

„ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ძალზე სერიოზულად ვუდგებით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ იმავე პრესკონფერენციაზე.

კაპანაძემ, რომელიც ბერნში მარტში გამართულ მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება, რომ რუსეთს მსო-ში გაწევრება საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია, მოლაპარაკებების პროცესს საფრთხეს უქმნის.

„ისეთი განცხადებები, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, ხელს არ უწყობს ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. უფრო მეტიც, საფრთხის წინაშეც კი აყენებს ამ მოლაპარაკებებს, – განაცხადა კაპანაძემ, – იმავე ტიპის განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკების პირველი რაუნდის შემდეგ... მიგვაჩნია, რომ ეს იყო პროვოკაციული ტიპის განცხადება“.