პოლიტიკა
ლავროვი - საქართველო, თურქეთი და ირანი ყარაბაღში ეკონომიკის აღდგენით არიან დაინტერესებული

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველო, თურქეთი, ირანი და ევროპის რიგი ქვეყნები დაინტერესებულები არიან მთიან ყარაბაღში ეკონომიკის აღდგენით, რასაც რუსეთი მიესალმება.

როგორც ირანელ კოლეგასთან მოჰამად ჯავად ზარიფთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლავროვმა თქვა, უკვე გაისმის ინიციატივები, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთის, თურქეთისა და ირანის მონაწილეობით, "რეგიონში ახალი რეალობის გათვალისწინებით, ურთიერთობების დამყარებას ცდილობდნენ".

მისი თქმით, "ახალი რეალობაა", როცა არ არის ომი, როცა არსებობს შეთანხმება, რომ მოიხსნას ბლოკადები და სხვა შეზღუდვები დედამიწის ამ მნიშვნელოვან ნაწილში.

"რუსეთის, ირანის და თურქეთის გარდა, არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის ევროპაში, რომელიც დაინტერესებულია მთიან ყარაბაღში და მის გარშემო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით. მგონია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. აქ ყველაზე მთავარია, ყველა გარე მოთამაშე პირველ რიგში ფიქრობდეს იმაზე, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონში ეკონომიკური ფუნდამენტის შექმნა, გაძლიერება და გამყარება", - განაცხადა ლავროვმა.

თავის მხრივ, მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ტურნეს მიზანია, კავკასიაში ექვსმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შექმნა, რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, ირანს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანისა და რუსეთის შემდეგ საქართველოს, თურქეთსა და სომხეთს ეწვევა. მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 იანვარს გაავრცელა:

"ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს დაგეგმილი აქვს რეგიონალური ტურნე და შესაბამისად, ამ ტურნეს ფარგლებში ეწვევა საქართველოს. ვიზიტის დეტალებზე დიპლომატიური არხებით მიდის მუშაობა".

წყარო: ფორმულა