საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ქართული ოცნების დეპუტატებმა 25 იანვარს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები წარადგინეს, რომელთა მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის გარეშე მყოფ ოპოზიციის დეპუტატებს ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების კანდიდატების წარდგენის უფლება უნდა მიენიჭოთ.
ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილის შეფასებით, ამ ინიციატივით, რომელიც კანონმდებლებმა პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირას უნდა განიხილონ, ქართული ოცნება ოპოზიციის დეპუტატების „მოსყიდვას“ ცდილობს.
ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია, ხსენებული პოზიციების დაკავებისა და საპარლამენტო საქმიანობაში სრულად ჩართვის შესაძლებლობა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მიეცეთ.
მისივე განცხადებით, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ფრაქციებს ვერ ქმნიან, საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო 15 წუთამდე გაეზრდებათ.
ქართული ოცნების დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მათ გადაწყვეტილება ოპოზიციიდან პარლამენტში შესული ოთხი დეპუტატის – ფრიდონ ინჯიას, ავთანდილ ენუქიძის, ზაზა მიქაძისა და დავით ზილფიმიანის – ინიციატივის გათვალისწინებით მიიღეს. დეპუტატებმა, რომლებიც პატრიოტთა ალიანსის შემომწირველთა ფლანგს წარმოადგენდნენ, პარლამენტში პროპორციული სიით შესვლის შემდეგ, ახალი პარტია – ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს.
მოქმედი რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის, შვიდი დეპუტატია საჭირო. ამ კრიტერიუმს ევროპელ სოციალისტები ვერ აკმაყოფილებენ. შესაბამისად, მათ მაღალი საკანონმდებლო თანამდებობების დაკავება არ შეუძლიათ.
ევროპული საქართველოს წევრმა და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებების მიზანი ოპოზიციიდან იმ დეპუტატების საკანონმდებლო თანამდებობებით „მოსყიდვაა“, რომლებიც ახალ პარლამენტს „გაყალბებული არჩევნების“ გამო ბოიკოტს უცხადებენ.
„რეგლამენტის ცვლიან იმ მიზნით, რომ ერთი-ორი ვითომ ოპოზიციონერი პარლამენტში კომფორტულად იყოს“, – დასძინა მან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროგრამის დირექტორმა, ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ განხილულ თანამდებობებს „საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში არასდროს არავითარი განსაკუთრებული როლი არ ჰქონია“. მისივე თქმით, ამ თანამდებობების მიზანი „ოპოზიციის დაშოშმინება-დაკმაყოფილებაა“.
ქართულმა ოცნებამ რეგლამენტში ცვლილებები ბოლოს 2020 წლის ივლისში მიიღო, როდესაც ფრაქციის შესაქმნელად საჭირო დეპუტატების რაოდენობა ექვსიდან შვიდამდე გაიზარდა, ვიცე-სპიკერების რაოდენობა კი – ცხრიდან ხუთამდე შემცირდა.
მოქმედი რეგლამენტით, ოპოზიციური ფრაქციების განკარგულებაშია ორი ვიცე-სპიკერისა და თხუთმეტივე კომიტეტში თითოეული თავმჯდომარის მოადგილის პოზიციები. ამ უკანასკნელ თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენის უფლება ასევე აქვს უფრაქციო პარლამენტის წევრების ჯგუფსაც, თუ მათი რაოდენობა არ არის შვიდზე ნაკლები.
იმ რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, ჯერ პარლამენტში მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის სიით გასული დეპუტატები შევიდნენ. ამასობაში, ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები” ასევე განიხილავს საკუთარ ორ მანდატზე დათანხმებას, თუ ქართული ოცნება მათ ზოგიერთ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს აგრძელებენ, ხოლო აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეჩერებულია.