საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთკავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი, რომელიც თბილისს 24 იანვარს ეწვია, ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მხარეებმა „რეგიონში უსაფრთხოების კუთხით მომხდარი ცვლილებები“, ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარედ უსაფრთხოების გარემო და კონფლიქტით დაზარალებულ მხარეებში ჰომანიტარული და სოციალუ-ეკონომიკური კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვებზეც გაამახვილეს ყურადღება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე.
პრემიერ გახარიას შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით არსებული გამოწვევების გადაჭრაში „უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების გააქტიურებას და პირდაპირ ჩართულობას“. გიორგი გახარიამ ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
25 იანვარს, ტოივო კლაარი ასევე შეხვდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს და მასთან სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები, არსებული კონფლიქტები და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს.