პოლიტიკა
ხიდირბეგიშვილი: რუსეთიდან საქართველოში სოხუმის, ცხინვალისა და შატილის გავლით გზები უნდა გაიხსნას!

     21 იანვარს, რუსეთის სახელმწიფო ტელეარის „Россия 24“ ახალი ამბების ყველა გამოშვებაში „Вести“ გადიოდა ქართველი პოლიტოლოგის, საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის კომენტარი - თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოსთვის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო მაგისტრალების გახსნას, რის შესახებაც 11 იანვარს მოსკოვში პრეზიდენტები პუტინი, ალიევი და პრემიერი ფაშინიანი შეთანხმდნენ.

 მას შემდეგ, რაც 2008 წელს სააკაშვილმა გამიჯნა ქართველები აფხაზებისა და ოსებისგან საზღვრით, რომელსაც მხოლოდ რუსები იცავნენ; ხოლო 2011 წელს დათანხმდა რუსეთის გაწევრიანებაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში - იმის დაუზუსტებლად, რომ საქართველოს საზღვარი გადის როკის გვირაბსა და მდინარე ფსოუზე, და არა გორისა და ზუგდიდის მახლობლად; მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მსახურებმა მოაწყვეს "გავრილოვის ღამე" და რუსულ დელეგაციასთან ერთად მილიონობით რუსი ტურისტი გააძევეს, საქართველომ შეიძლება დაკარგოს სატრანზიტო ფუნქციაც და სხვა, თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე უპირატესობა. საავტომობილო და სარკინიგზო დერეფნების განბლოკვის შემდეგ, რომლებიც აზერბაიჯანს სომხეთის სიუნიკის რაიონის გავლით, ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქსა და თურქეთთან აკავშირებს; სომხეთს კი, იმავე სიუნიკის რაიონის გავლითირანსა და რუსეთთან, მალე კი - თურქეთთანაც; ხოლო რუსეთს, აზერბაიჯანისა და ირანის გავლით - სომხეთსა და თურქეთთან, საქართველო აღარ იქნება სომხეთისთვის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი დერეფანი, აზერბაიჯანისთვის კი - თურქეთთან, - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა „ასავალ-დასავალთანინტერვიუში.

   - ბატონო არნო, რამდენად ხერიოზულად დაარტყამს სამხრეთ კავკასიის ახალი "საგზაო რუქა" საქართველოს ეკონომიკას, რომლის ხაზინაც სატრანზიტო მოსაკრებლებით ივსება?

   - ტრანზიტი - სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ტურიზმთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის ძირითადი წყაროა. ოპოზიციამ და პანდემიამ უკვე გაანადგურეს ტურიზმი და ახლა საფრთხე ემუქრება ტრანზიტს. შევარდნაძე საფლავში გადაბრუნდება, თუ საქართველო, როგორც რგოლი, ამოვარდება დიდი აბრეშუმის გზის ჯაჭვიდან, რომელიც ჩვენთან ჩინეთიდან, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გავლით, მოდის! რატომ ვუხადოთ ბაჟი საქართველოს? - შეიძლება გაიფიქრონ ხვალ ბაქოში და ტვირთები, ნახიჩევანის გავლით, პირდაპირ თურქეთში გააგზავნონ. მომავალში იგივე ბედი შეიძლება ეწიოს მაგისტრალურ მილსადენებს აზერბაიჯანიდან - საქართველოს გავლით - თურქეთში, და იქიდან - ევროპაში, რათა არ უხადონ საქართველოს ნავთობისა და გაზის ტრანზიტის საფასურს. მკვეთრად შემცირდება ბათუმისა და ფოთის საზღვაო პორტების დატვირთვა და კიდევ კარგი, რომ ანაკლიაში პორტი არ აგვიშენებია! დაცარიელდება საქართველოს სამხედრო გზა, რომლის კეთილმოწყობისთვის აზიის განვითარების ბანკი, სომხეთის გამო, საქართველოსთვის 500 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებდა...

   - მაგრამ საქართველოს არ შეუძლია აუკრძალოს სომხეთს, ასევე რუსეთს, აზერბაიჯანს, ირანსა და თურქეთს, ალტერნატიული მარშრუტების ძებნა, მით უმეტეს, რომ ყაზბეგზე გამავალი გზა კოშმარია მძღოლებისა და მგზავრებისთვის, რომლებიც ზამთარში დღეების, ან სულაც კვირების განმავლობაში კილომეტრებიან რიგებში იყინებიან! მაგრამ გზას კეტავს არა მხოლოდ თოვლი - თქვენ პირველმა განაცხადეთ, რომ ზემო ლარსზე გამავალი გზა არ არის უსაფრთხო, რადგან ყაზბეგი ახალგაზრდა ვულკანია, რომლის შიგნითაც ვულკანური პროცესები დაიწყო და ტემპერატურის ზრდის შედეგად, ზვავები და მეწყერები დაიწყო. ამ მიზეზით, ბოლო წლებში გაიზარდა მსხვერპლთა რაოდენობა როგორც რუსული, ასევე ქართული მხრიდან...

   - მართალი ხართ, ამიტომ, თუ საქართველო არ მიიღებს საგანგებო ზომებს, უახლოეს მომავალში დაკარგავს სატრანზიტო მონოპოლიას და საკომუნიკაციო ლოგისტიკური ჰაბის როლს, აღმოსავლეთს – დასავლეთთან, ჩრდილოეთს – სამხრეთთან, აზიას – ევროპასთან რომ აკავშირებს, აზერბაიჯანი იკისრებს! მოგვიწევს კონკურენცია, ამისთვის დიდი რესურსი გვაქვს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განბლოკოს სატრანსპორტო დერეფნები რუსეთიდან, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით, სომხეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, და იქიდან – ირანში. და სანამ მოსკოვისა და თბილისის მოსაზრებები საქართველოს საზღვრის თაობაზე ერთმანეთს არ ემთხვევა, დაე ამ დერეფნების მონიტორინგი შუამავლებმა განახორციელონ - შვეიცარულმა კერძო კომპანიამ „SGS“, როგორც ეს გათვალისწინებულია 2011 წლის ხელშეკრულებით. აი მაშინ ქართული მარშრუტი არა მხოლოდ ალტერნატიული, არამედ ბევრად უფრო მოსახერხებელი და იაფი იქნება, ვიდრე აზერბაიჯანი - სომხეთი - ნახიჭევანის გავლით, თანაც – ყველასთვის და ორივე მიმართულებით!

გზები ხალხებს აახლოებს - სოხუმსა და ცხინვალისკენ მიმავალი გზები მხოლოდ დააახლოვებს ქართველებს აფხაზებსა და ოსებთან! რუსი ტურისტების ნაკადი საქართველოში რუსებისთვის ამ მოსახერხებელი მარშრუტების გამო გაორმაგდება, მკვეთრად გაიზრდება ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე - არა მხოლოდ სატრანსპორტო ხარჯების შემცირების, არამედ დადებითი პოლიტიკური ტენდენციების გათვალისწინებით! დღეს კი საქართველომ თავად გამუაცხადა საკუთარ თავს ეკონომიკური სანქციები, ეკონომიკური ბლოკადა, როგორც ეს ადრე უკვე მოხდარა! თავს დავდებ - ქართველ ხალხს მხოლოდ გაახარებს გზების გახსნა ოსი და აფხაზი ნათესავებისა და მეგობრებისკენ, რომლებიც ამდენი წელია არ უნახავთ! ხოლო ნდობის გაზრდასთან ერთად, მავთულხლართები ზედმეტი გახდება - ისევე როგორც რუსული სამხედრო ბაზები!

ზემოთ ხსენებული სატრანსპორტო დერეფნების გარდა, საქართველომ უნდა გახსნას ახალი გზა რუსეთისკენ: შატილი - იტუმ-კალი - გროზნო (ჩეჩნეთი), რომლის მშენებლობაც "დაკონსერვდა" და რომლის გამოყენებაც, ყაზბეგი - ზემო ლარსი - ვლადიკავკაზის მარშრუტისგან განსხვავებით, მთელი წლის განმავლობაში შეიძლება. ქართულ მხარეზე ის თითქმის მზად არის, რჩება შატილიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრამდე ორკილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში - ანუ, თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ გახსნა გზები შატილის, სოხუმისა და ცხინვალის გავლით - საქართველო არა მხოლოდ უზარმაზარ ეკონომიკურ ზარალს ნახავს, არამედ თურქეთის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული კავკასიური პლატფორმის ფორმატის ფარგლებს გარეთაც დარჩება!

   - სწორედ ახლა ვაპირებდი თქვენი აზრის კითხვას კავკასიური პლატფორმის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან პირველმა შესთავაზა იგი.

–რა მნიშვნელობა აქვს - ზურაბიშვილის წინადადება იყო, თუ ერდოღანის?! იესოს თუ ალაჰის?! კავკასიური პლატფორმა ღმერთმა შემოგვთავაზა, რომელმაც გვერდიგვერდ დაგვასახლა, სამეზობლოში! ქართველი ემიგრანტი, ქალბატონი ზურაბიშვილი, ტყუილუბრალოდ როდი ამახვილებს ყურადღებას საქართველოს კულტურულ და გამაერთიანებელ როლზე - მას სურს, რომ საქართველომ გააერთიანოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, დაიბრუნოს კავკასიის ცენტრის ისტორიული როლი და, ამიტომაც, პროექტს კავკასიურ სამშვიდობო პლატფორმას უწოდებს. ერდოღანი კი ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ შემადგენელზე. თუმცა ორივე შემთხვევაში საჭიროა გზები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს კულტურებსაც და ეკონომიკებსაც! ერდოღანის კავკასიური პლატფორმაც სამშვიდობო პლატფორმაა, რადგან სადაც ვაჭრობენ, იქ არ ომობენ!

დღეს საქართველომ უნდა გადაწყვიტოს - რომელ რეგიონულ კონცეფციას აირჩევს: „შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების“, თუკავკასიურ პლატფორმას“. აზერბაიჯანი 30 წლის შემდეგ გაერთიანდა და ახლა ყარაბაღი აყვავდება! რატომ არ შეიძლება საქართველოს გაერთიანება, სანამ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ბოლომდე არ ჩამკვდარა?! საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის: ან აჟღარუნოს იარაღი ნატოს არა-რეგიონალური ქვეყნების მხარეს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ, ან აყვავდეს რეგიონულ ქვეყნებთან ერთად - სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან. ორივეს შეთავსება გამორიცხულია!

   –”საქართველოში ისმის მოწოდებები რუსეთთან დიალოგის შესახებ იმ საკითხებზე, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, მაგრამ არ განიხილებოდა რაციონალურად და აწონ–დაწონილად. და აქ, როგორც ექსპერტები თვლიან, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა შეცვალონ მოლაპარაკებების ტაქტიკა და მოთხოვნებსა და წყენიდან საქმიან საუბარზე გადავიდნენ”, - ამბობს კადრს მიღმა ხმა სიუჟეტის ბოლოს თქვენი მონაწილეობით ტელეარხ Россия 24“ -ზე.

   - მას შემდეგ, რაც ამერიკელები შეიჭრნენ კონგრესში და აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა გააუქმა მისი წინამორბედის ძირითადი გადაწყვეტილებები ინაუგურაციიდან ერთ საათში, დავრწმუნდი, რომ მათ არანაკლები პრობლემები აქვთ, ვიდრე ჩვენ! ამიტომ, ნურავის ეწყინება, თუ ხვალ ქართველები შევლენ იმღია კარში“, რომლის მიღმაც ქართული პრობლემები მართლაც მოგვარებადია.

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
"
ასავალ-დასავალი" N4
2021 წლის 25 იანვარი