აქტუალური
სტრასბურგის სასამართლო - რუსეთს ეკისრებოდა ქართული წარმოშობის მკვიდრთა თავიანთ სახლებში დაბრუნება, ვითარება კვლავ უცვლელია

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, რომლებსაც ეფექტური კონტროლი ჰქონდათ ამ რეგიონებზე, კონვენციის შესაბამისად, ეკისრებოდათ ქართული წარმოშობის მკვიდრთა თავიანთ სახლებში დაბრუნება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

„დევნილთა თავისუფალი გადაადგილება – მე-4 ოქმის მე-2 მუხლი

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების მიერ ეთნიკური ქართველებისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ახალგორის რეგიონში რამდენიმე მათგანისთვის დაბრუნების უფლების მიცემის მიუხედავად, სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია იყო თანმიმდევრული. ჟენევაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად. იმავდროულად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, რომლებსაც ეფექტური კონტროლი ჰქონდათ ამ რეგიონებზე, კონვენციის შესაბამისად ეკისრებოდათ ქართული წარმოშობის მკვიდრთა თავიანთ სახლებში დაბრუნება. სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული პრაქტიკა მე-4 ოქმის მე-2 მუხლის საწინააღმდეგოდ. ვითარება საქართველოს მოქალაქეების თავიანთ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელი იყო 2018 წლის 23 მაისს, მოცემულ საქმეზე არსებითი განხილვის დღეს. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მე-4 ოქმის მე-2 მუხლის დარღვევას, სულ მცირე, 2018 წლის 23 მაისამდე და ამ დარღვევაზე პასუხისმგებელი იყო რუსეთის ფედერაცია“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონვენციის სხვადასხვა დარღვევის შესახებ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაიმიჯნოს სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზა (2008 წლის 8-12 აგვისტო) და სხვა მოვლენები, რომლებიც მოხდა საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტის შემდეგ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ. სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მრავალი სხვა დოკუმენტი, აგრეთვე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. გარდა ამისა, სასამართლომ მოისმინა 33 მოწმისგან მტკიცებულებები.