სამართალი
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 27 იანვარს მოსკოვში საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ხელისუფლების მიერ დევნილი ზუგდიდელი ბიზნესმენი თემურ ყორშია დააკავეს, რომელიც შსს-ის მოთხოვნით იძებნებოდა და სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული. მისი ექსტრადიცია მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში უნდა განხორციელებულიყო. ამ პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 25 მარტს, მან საკანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც პარტია „თავისუფალ საქართველოში“ აცხადებენ, ყორშიამ თავი იმ მოტივით მოიკლა, რომ მისი საქართველოს საპყრობილეში გადმოყვანის წინააღმდეგი იყო, რადგან ამაში დიდ საფრთხეს ხედავდა. „მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საპყრობილეებში არსებული აუტანელი პირობების შესახებ, რის გამოც არაერთმა მეგობარმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დააფიქსირა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. მივმართავთ ყველა მეგობარ ქვეყანას, საერთაშორისო ორგანიზაციას, ინტერპოლს, არსებული ხელისუფლების პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის გამო, სააკაშვილის რეჟიმის დასრულებამდე შეაჩერონ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ექსტრადიციის პროცესი“, – აცხადებენ პარტიაში.