სამართალი
„ბურჯალიანი დიდი დარწმუნებით საუბრობდა ჰააგის სასამართლო პროცესის დროსაც, თუმცა შედეგი ვიცით. მისი განცხადებები არაკვალიფიციურია, რადგან არ იცის, რა ჩაიწერება სასამართლოს აღმასრულებელი ორგანოს სააღმსრულებლო დოკუმენტში და ისე საუბრობს. კეთილი ინებოს ამ ქალბატონმა და კვალიფიკაციას მიხედოს. რაც შეეხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, როდესაც მასში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ არ გამოიძია სათანადოდ დანაშაული, ეს ყველა შემთხვევაში ნიშნავს, რომ უნდა აღდგეს დარღვეული უფლება, რაც გულისხმობს სრულყოფილ, ევროსტანდარტებით გათვალისწინებული გამოძიების ჩატარებას. მე დარწმუნებული ვარ, სააღსრულებლო დოკუმენტში ეს მოთხოვნა აუცილებლად აისახება“, – განაცხადა მუხაშავრიამ.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო გირგვლიანის საქმეში დამნაშავედ ცნო. მოსარჩელე მხარისთვის ხელისუფლებას 50 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, გადაწყვეტილება უფლებას იძლევა, მოსარჩელე მხარემ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყება მოითხოვოს. თუმცა, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა გუშინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, გადაწყვეტილებაში ევროსასამართლოს არ მიუთითებია, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ხელახალი გამოძიება ჩაატაროს.