საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა ენტონი ბლინკენმა 19 იანვარს კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოსთვის ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ.
„თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შეძლებს დააკმაყოფილოს გაწევრიანებისათვის საჭირო მოთხოვნები და თუ ის შეიტანს წვლილს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში, დიახ, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს“, – განაცხადა ბლინკენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.
ბლინკენმა ამის შესახებ სენატორ რენდ პოლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესედა უჭერს, თუ არა სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი კვლავ მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
„თუ ამას [საქართველოს ნატოში გაწევრიანებას] წარმატებით შეძლებდით, მაშინ ახლა რუსეთთან ომი გვექნებოდა“, – უთხრა სენატორმა პოლმა ბლინკენს. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ნატოში მიღება „არა მხოლოდ პროვოკაციულია“, არამედ კოლექტიური თავდაცვის შესახებ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ ომის მიზეზი გახდებოდა.
„მე პირიქით ვფიქრობ… ძალიან კარგი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არის რუსეთი აგრესიული ისეთი ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ არიან ნატოში ან ნატოს ქოლგის ქვეშ. ასევე, აქვს მიზეზი იმას, თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი ამ ქვეყნებს…“, – განაცხადა ბლინკენმა.
„ვფიქრობ, ჩვენ გვინახავს წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ნატოში, აღარ გამხდარან რუსული აგრესიის სამიზნე“, – დასძინა მან.