საზოგადოება
„აღდგომიდან ამაღლებამდე“

festivali333სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს კურთხევით, დღეიდან, 27 აპრილიდან, თბილისში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დაიწყება და 2 ივნისამდე – ამაღლებამდე გაგრძელდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეექვსედ ტარდება, რომლის მიზანს ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზაცია და საზოგადოების, განსაკუთრებით, მომავალი თაობის სულიერ-კულტურული დონის ამაღლება წარმოადგენს.

წელს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია აშშ-ში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.

წლევანდელ ღონისძიებას თბილისში შეერთებული შტატებიდან საგანგებოდ ჩამოსული პიანისტი ვლადიმირ ფელტსმანი გახსნის. ფესტივალზე შედგება ილია მეორეს ახალი მუსიკალური ნაშრომის პრემიერაც – ორატორია სახელწოდებით „სანკტუს“, რომელსაც ოთხი სოლისტი შეასრულებს გუნდისა და ორკესტრის თანხლებით.

ფესტივალში მონაწილეობს 400-ზე მეტი მუსიკოსი – როგორც უცხოელი, ისე საზღვარგარეთ და ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მუსიკოსები.

კულტურის მოღვაწეთა გამოსვლები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. სამ კონცერტს საქართველოს რეგიონები – ზუგდიდი (სამეგრელოს რეგიონი), გორი (შიდა ქართლი) და ბათუმი (აჭარა) – უმასპინძლებენ.