სამართალი
სუს–ი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 18 იანვრის საღამოს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას მიმდებარედ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

სუს-ის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენელმა სამი მოქალაქის დაკავების ფაქტი დაადასტურა. სუსის ცნობით, ამ უკანასკნელმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად სამივე მოქალაქე თავისუფალია.

თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათლად არ ჩანს, გათავისუფლებული სამი მოქალაქე აფხაზეთში რჩება, თუ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნდება.

უწყებამ დაკავების ფაქტს საოკუპაციო რეჟიმის „მიზანმიმართული პროვოკაცია“ უწოდა, რომელიც „მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“.