ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თინა ქეიდენაუსა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, ამერიკული მხარე დაინტერესებულია, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეთანხმება.
„ვისაუბრეთ იმაზე, რომ ფართო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ ამ პროცესში. ასევე, გვითხრეს, რომ ამ საკითხზე დეტალური საუბრები ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის დროს“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.ამ წუთებში კი მთავრობის კანცელარიაში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც სწორედ თინა ქეიდენაუ ხელმძღვანელობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკელ პარტნიორებთან საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და რეფორმების განხორციელებაზე იქნება მსჯელობა.
რაც შეეხება ქართული ოპოზიციური პარტიების განცხადებას იმის შესახებ, რომ ამერიკული მხარე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შედეგს მაისის ბოლოსთვის ელოდება, მას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ასეთ ვადებს პარტნიორი ქვეყნები არ აწესებენ“. „ჩვენ ასეთ ვადებს პარტნიორები არ გვიწესებენ. ამაზე თანხმდებიან პოლიტიკური პარტიები და ჩვენი გეგმით ახალი საარჩევნო კოდექსი შემოდგომისთვის უნდა გვქონდეს მზად“, – განაცხადა მინაშვილმა.