საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის ქრისტიანი და მუსლიმი მცხოვრებლები რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე თითქმის ერთთვიანი დაპირისპირების შემდეგ 15 იანვარს „მშვიდობიან თანაცხოვრებაზე“ შეთანხმდნენ.
მორიგებულმა ქრისტიანმა და მუსლიმმა ქართველებმა „ერთად მშვიდად ცხოვრების“ გაგრძელების პირობა დადეს. შეთანხმების შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა აღნიშნა, რომ „ყველა თავის სალოცავში შევა და მოილოცავს“.
ორი თემის წარმომადგენელთა მეჩეთის მოწყობის საკითხზე დაწყებული დაპირისპირება 12 იანვარს ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რა დროსაც 3 ადგილობრივი დაშავდა.
ამ დაპირისპირების აღმოსაფხვრელად და მოსარიგებლად მხარეები დღეს დაახლოებით 15:00 საათზე, მუსლიმი თემის ტრადიციული პარასკევის ლოცვისა და ადგილობრივ ქრისტიანულ ეკლესიაში სამშვიდობო პარაკლისის გადახდის შემდეგ შეხვდნენ. შეხვედრას ორივე თემის 10-10 წარმომადგენელი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, გურიის სახელმწიფო რწმუნებული, გურიაში ყოფილი და მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები – ნინო წილოსანი და ვასილ ჩიგოგიძე, სრულიად საქართველოს მუფთი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღნიშნა, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მან იმედი გამოთქვა, რომ „ეს იქნება სიმბოლო და ეს იქნება დასაბამი ჩვენს ქვეყანაში მარადიულად მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემისა“.
„ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება მშვიდობიანად. ყველა ილოცებს თავის აღმსარებლობის მიხედვით და ეს არ იქნება გაღიზიანების საბაბი. არც აქამდე ყოფილა და ვინც პროვოკაციებს ეცდება, ის გამოაშკარავდება“, – თქვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.
მხარეებს შორის მოლაპარაკების დაწყებამდე ერთმანეთს სიტყვიერად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები დაუპირისპირდნენ. ადგილობრივებთან მოლაპარაკებებზე ჩასულ ქართული ოცნების გურიის მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბესიკ ქათამაძემ შეახსენა, რომ ქართული ოცნება მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ხმების სანაცვლოდ მეჩეთის მშენებლობას ჰპირდებოდა. მან ბუკნარში შექმნილ ვითარებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა. ქათამაძე პოლიციამ ადგილიდან მალევე გაიყვანა.
მხარეთა შორის შეხვედრისა და შერიგების მცდელობებს გასულ დღეებშიც ჰქონდა ადგილი, თუმცა უშედეგოდ. შეხვედრის დაწყებამდე ერთ-ერთი ადგილობრივი მესამე მხარის მიერ „დაგეგმილ პროვოკაციაზე“ საუბრობდა.
„შემოვარდა უეცრად ინფორმაცია გურულ მოსახლეობაში, რომ შენდებოდა მეჩეთი, მინარეთი და მიკროფონები, ადგილობრივებთან შეკითხვის გარეშე, თურქული ფულით. იქით მხარეს მივიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ იმ სამლოცველოს დანგრევას ვაპირებდით და ლოცვის აკრძალვას“, – უთხრა ჟურნალისტებს ქრისტიანული თემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
„აუცილებელია შერიგება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი თანასოფლელები გამოიჩენენ [გონიერებას]… შუღლს და მტრობას არაფერი მოუტანია დღემდე საქართველოსთვის და არც დღეს მოიტანს… ჩემი შვილებისა და ძმა ქრისტიანების სისხლის ფასად არანაირი სამლოცველო და რელიგია არ მიღირს“, – განუცხადა პრესას მუსლიმი თემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბუკნარში სიმშვიდეა, თუმცა სოფლის ცენტრში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი კვლავაც რჩება.