სამართალი
საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩიეს

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საპროკურორო საბჭომ 15 იანვარს გამართულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით საბჭოს ახალ თავმჯდომარედ, ორი წლის ვადით, თბილისის პროკურორის მოადგილე და ამავე საბჭოს წევრი მერაბ ჯერანაშვილი აირჩია.

საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მერაბ ჯერანაშვილი ერთადერთი წარდგენილი კანდიდატი იყო. სხდომას 15 წევრიანი საბჭოდან 13 ესწრებოდა, რომელთაც მის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ჯერანაშვილმა ამ თანამდებობაზე ნანა ხუნჯუა შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ამოეწურა.

მერაბ ჯერანაშვილი პროკურატურაში 2009 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2016 წლიდან დღემდე კი – იგი თბილისის პროკურორის მოადგილეა.

სხვა ფუნქციებთან ერთად, საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებაა კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება, ასევე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებაც შედის.