საზოგადოება
საქინფორმის მთავარი რედაქტორი ბიძინა ივანიშვილს სახალხო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელად იწვევს

     პატივცემულო ბიძინა გრიგორის ძევ!

მოხარული ვარ, რომ პოლიტიკიდან - ქართველ ხალხთან წახვედით! აწი აღარ უნდა ითმინოთ როგორც მტრებისგან შეურაცხყოფა, ასევე "ამხანაგების" სიცრუე, რაც უფრო ამაზრზენია. ამიტომ, გეპატიჟებით, როგორც უბრალო მოქალაქესა და ბიზნესისა და ფინანსების დარგის სპეციალისტს, უხელმძღვანელოთ ჩემ მიერ შექმნილ სახალხკონტროლის ჯგუფს, სადაც, ჩემს, როგორც ჟურნალისტისა და კულტურის სპეციალისტის გარდა, შევლენ სხვადასხვა დარგის - სამართალის, მშენებლობის, ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობის, ტრანსპორტის და ა.შ. - სპეციალისტები.

გპირდებით - ჩვენთან ერთად „სოლოლაკის მთიდან ჩამოსულს", გაგაოცებთ დანახული სურათი! ამავდროულად, შევამოწმებთ, რამდენად დანიშნულებისამებრ იყენებენ თქვენს მიერ ნაჩუქარ მილიარდებს. შემდეგ ჩვენი ჯგუფი მიმართავს შესაბამის სახელმწიფო, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს, ერთად ვნახოთ, როგორ რეაგირებს ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლება. (საინტერესოა, ჯერ კიდევ რსებობს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც 2018 წელს შექმნა მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ?)

გარდა ამისა, თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურებში დარღვევებისა და დაუდევრობის ფაქტების შესახებ, რომელსაც ჩვენ არ ვასაჯაროვებდით, რაგანაც არ გვსურდა მმართველი გუნდის იმიჯის შელახვა, რომლის ლიდერიც თქვენ იყავით.

     ღრმა პატივისცემით,

ქართული საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტოს "საქინფორმი" მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 18 იანვარი
საქართველო, თბილისი