სამართალი
სასოფლო-სამეურნეო რეფორმის კრახის დასაწყისი

soflismeurn_kraxiსამართალდამცველებმა სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ფაქტზე 19 პირისგან შემდგარი ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს. დაკავებულთა შორის სპირტის რამდენიმე ქარხნის დირექტორებიც არიან.

წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები, აღნიშნული ჯგუფის წყალობით, სპირტის შავ ბიზნესში აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების 150 მილიონი ლარით გაზრდის შესახებ მიმდინარე წლის 11 თებერვალს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტი სააკაშვილი საკმაოდ ხშირად სიამაყით საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში კორუფცია თითქმის აღარ არსებობს, თუმცა, განსაკუთრებით, საზოგადოება ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ისმენს ინფორმაციას თანამდებობის პირთა და სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლების დაკავების შესახებ, რაც სხვა არაფერია, თუ არა კორუფციის მაგალითი. ალბათ, უფრო უკეთესი და დამაჯერებელი იქნებოდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ეთქვათ, რომ კორუფცია საქართველოში ჯერ კიდევ აღმოფხვრის სტადიაშია, თუმცა ნაცვლად ამისა, ისინი „თვალში ნაცრის შეყრის“ პოლიტიკის წარმოებას განაგრძობენ, რაც არათუ დამაჯერებელია, საზოგადოებაში უკვე ღიმილისმომგვრელია.