აქტუალური
იაგო ხვიჩია - თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს „გირჩსა“ და პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეებს“ შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, მოლაპარაკების მაგიდაზე არსებული ოთხი საკითხიდან სამ საკითხთან მიმართებით ოპოზიციაში კონსენსუსი არსებობს, რომელთა მოწინააღმდეგე არავინ არის, მეოთხე საკითხი ვადამდელი, ახალი არჩევნებია. მისი თქმით, ოპოზიციაში ამის მოწინააღმდეგეც არავინ არის, თუმცა ეს არის ხელისუფლების წითელი ხაზი.

„ხელისუფლება თვლის, რომ ამას თუ დათანხმდება, ქართველი ხალხის თვალში ის დამარცხებული გამოჩნდება, რაც მას არ უნდა, მაგრამ ჩვენ ჯერ ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მაინც უნდა ჩატარდეს, ვაქციოთ ერთგვარ პლებისციტად, რომლის შედეგებასაც უნდა დავუკავშიროთ ახალი არჩევნების ჩატარება - არჩატარების საკითხი. თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ჩავატაროთ ახალი არჩევნები 2022 წელს. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია. ჩვენ გვინდა, რომ ასეთი კონსტრუქციული წინადადებით მივიდეთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, დაველაპარაკოთ და მოვისმინოთ მათი არგუმენტები ან დავარწმუნოთ ჩვენი საკუთარი აზრის კორექტულობასა და სისწორეში ან იმათმა დაგვარწმუნონ, რომ ჩვენ ვცდებით და ჩვენ გადავალთ მათ აზრზე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე განმარტებით, მიიღებენ თუ არა ამ წინადადებას მაგალითად „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ყველაფერს პროცესი აჩვენებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მე არ მგონია გიჟების ერთობლიობა. მგონია, რომ იქ არის რაციონალური ხალხი, რომელიც ზოგადად, რასაც მე ვლაპარაკობ იმას ისმენს. მე უნდა ამიხსნან მათ, რომ თუ ოპოზიცია აგებს ადგილობრივ არჩევნებს, რა ლეგიტიმაციით ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ხოლო თუ იგებს ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებს და ამის მერე ტარდება ახალი არჩევნები, რა არის ამაში პრობლემური, უსამართლო და რატომ გამოჩნდება ოპოზიცია დამარცხებული და დამცირებული ამის შედეგად? ცხადია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩემის კოლეგებისგან ველოდები პასუხს. თუ თქვეს ფეხებზე გვკიდია თქვენ რასაც ფიქრობთ, ჩვენ ვართ ჩვენი ნაბადიო, ჩვენც ვუპასუხებთ. სანამდე მიგვიყვანს ეს პროცესი, ყველა ერთად ვნახავთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციებიც ჰქონდათ, მათ შორის, შეხვედრა ჰქონდათ ნიკა მელიასთან.

„ჩემთვის აქამდე არავის უთქვამს, რომ მე სისულელეს ვლაპარაკობდი. ამ საუბარს გავაგრძელებ. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრს არ შევხვედრივარ. თუ საჭიროა შევხვდებით ყველა იმ წევრს, ვინც პარლამენტის წევრები არიან და მაინტერესებს მათი აზრი“, -განაცხადა იაგო ხვიჩიამ და ჟურნალისტებს განუმარტა, რომ თუ რა მოსაზრება დააფიქსირა ნიკა მელიამ მის მიერ დასახელებულ შეხვედრაზე, ამის შესახებ თავად მელიას უნდა ჰკითხონ, რადგან მელიას ნაცვლად ვერ ილაპარაკებს.

ამასთან, როგორც იაგო ხვიჩაიამ აღნიშნა, სურთ, რომ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას სათითაოდ შეხვდენ საარჩევნო საკითხზე, ამის შემდეგ კი სურთ, რომ შეხვედრა გამართონ ხელისუფლებასთან, გააცნონ ოპოზიციის წინადადებები და შემდეგ წავიდნენ მე-5 რაუნდზე შუამავალ ელჩებთან.