პოლიტიკა
ქართველი და ამერიკელი ოფიციალური პირები დემოკრატიული რეფორმების შესახებ

usa_embasyსტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში აშშ-საქართველოს ორმხრივი სამუშაო ჯგუფი დღეს, 27 აპრილს, თბილისში იკრიბება და „საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს“ განიხილავს, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ერთ-ერთი იმ ოთხი უწყებათაშორისი ორმხრივი ჯგუფია, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის მიზნით შეიქმნა. ორ ქვეყანას შორის ქარტიას 2009 წლის იანვარში მოეწერა ხელი. ქარტია სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებად, ასევე, მიიჩნევს უსაფრთხოებას, ეკონომიკასა და ხალხთა შორის ურთიერთობებს.

თბილისში დემოკრატიულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციის თანათავმჯდომარეები არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში თინა ქეიდენაუ და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ქეთლინ ფიცპატრიკი.

ქართული დელეგაციის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა 2010 წლის ნოემბერში ვაშინგტონში გაიმართა და მისი თანათავმჯდომარე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერი იყო. ეს უკანასკნელი საქართველოს 2009 წლის ნოემბერში სტუმრობდა, როდესაც ჯგუფის შეხვედრა თბილისში გაიმართა.