სამართალი
საქართველოს სახელმწიფო გირგვლიანის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას არ აპირებს

tina_burjalianiიუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანის განცხადებით, ევროსასამართლოს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ხელახალი გამოძიება ჩაატაროს. „სიცოცხლის უფლების დარღვევის კონტექსტში, თუკი საგანგაშოდ იქნებოდა მდგომარეობა, ევროსასამართლო აუცილებლად მიუთითებდა საქმის ხელახალი გამოძიების ჩატარებას და ამის პრეცედენტი არაერთხელ მომხდარა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. თუმცა ამ შემთხვევაში ევროსასამართლოს ეს არ გაუკეთებია და ერთადერთი, რაზეც ქვეყანას მიუთითა, გამოძიებაში დაშვებული ხარვეზების გამო კომპენსაციის გადახდაა და მხოლოდ ამის გაკეთებას აპირებს საქართველოს ხელისუფლება. აღნიშნული ხარვეზები ამჟამად გასწორებულია საკანონმდებლო კუთხით“, – განაცხადა ბურჯალიანმა.

რაც შეეხება ევროსასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხს, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ არცერთი მტკიცებულება არ იყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ევროსასამართლოს არ წარუდგინა. გირგვლიანის საქმე დაარქივებული იყო, რის გამოც რამდენიმე მტკიცებულების გადაგზავნა გაჭიანურდა, თუმცა ისინი მაინც იქნა წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 2007 წლის ზაფხულში შევიდა. ადვოკატები გირგვლიანის საქმეზე ევროკონვენციის მუხლების – სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის უფლების დარღვევად ცნობასა და მორალურ კომპენსაციას ითხოვდნენ. ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მოსარჩელე მხარისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.