საზოგადოება
ირაკლი ალასანია: „ვაფრთხილებ სააკაშვილს, ყველას მოუწევს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება!“

alasa3„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და აღნიშნა: „გადაწყვეტილებაში ასახულმა დასკვნებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ყველა შტო – შსს, პროკურატურა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, სასამართლო და თავად საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდა შეთანხმებულად, რათა ამ საზარელი მკვლელობის საქმეში სიმართლის დადგენისა და სამართლის აღსრულებისთვის ხელი შეეშალათ“. მისივე თქმით, ამ გადაწყვტილების მიღებით „ევროსასამართლომ პრეზიდენტ სააკაშვილს განაჩენი გამოუტანა“.

„სააკაშვილის პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკითხვის ოქმებს აყალბებდნენ და ფაქტებს ამახინჯებდნენ, მალავდნენ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს. სააკაშვილის მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური. სტრასბურგის სასამართლომ გამაოგნებელი უწოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დამნაშვეების შეწყალებას და ვადაზე ადრე გათავისუფლებას. ვაფრთხილებ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ გაექცევა სამართალს და ყველას მოუწევს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება!“, – განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფო გირგვლიანის საქმეში დამნაშავედ ცნო და მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მას 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გირგვლიანის ოჯახს საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნის უფლება მიეცა.