სამართალი
გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყება

shalva_shavgulidzeროგორც საქინფორმს გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროკონვენციის იმ უფლებების დარღვევა დაადგინა, რასაც მოკლულის ოჯახის ადვოკატები ითხოვდნენ. კერძოდ, სასამართლომ დარღვეულად ცნო სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის უფლების შესახებ ევროკონვენციის მუხლები და საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში მოსარჩელე მხარისთვის 50 ათასი ევროს გადახდა და გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურება დააკისრა.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. მთავარი ისაა, რომ გამოძიება არაობიექტურად განხორციელდა და ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყება მოვითხოვოთ“, – დასძინა შავგულიძემ.

აქვე გთავაზობთ სასამართლოს გადაწყვეტილების ქართულ ენაზე გადმოთარგმნილ ნაწილს, რომელიც დღეს „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გაავრცელა:

„მოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებას აშკარად აკლდა სათანადო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და ყურადღება. საქმის შესაბამისი გარემოებები უფლებას აძლევს სასამართლოს, გააკეთოს დასკვნა, რომ გამოძიების წარმოებისას ხელისუფლების ორგანოები მოქმედებდნენ ამ პრინციპების საწინააღმდეგოდ. სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების ხმაშეწყობილი მოქმედებით იმისათვის, რომ ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლიანი მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლოვანებები გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის დაუდევრობა მთელი შემდგომი გამოძიების პროცესში, ციხის ადმინისტრაციის მიერ დაკავებული პირების უკანონოდ ერთ საკანში მოთავსება, სასამართლოს მიერ არასამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება და დამნაშავეების ადრეული გათავისუფლება, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამნაშავეების დაუსაბუთებელი შეწყალება. სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ ამგვარ საქმეებზე სახელმწიფოს ადეკვატური მოქმედება აბსოლუტურად აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აღვივებს განცდას, რომ სახელმწიფო ტოლერანტულია სიცოცხლისათვის საშიში მოქმედებების მიმართ, რამაც შესაძლოა, ხელი გაუხსნას ძალადობრივ დანაშაულს, მაგალითად, ისეთს, როგორიც ამ შემთხვევაში იყო ჩადენილი. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ“, – ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გავრცელებულ მასალაში.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 2007 წლის ზაფხულში შევიდა. ადვოკატები გირგვლიანის საქმეზე ევროკონვენციის მუხლების – სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის უფლების დარღვევად ცნობას და მორალურ კომპენსაციას, ასევე, საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნებას ითხოვდნენ. 
სანდრო გირგვლიანი შს სამინისტროს თანამშრომლებმა 2006 წლის იანვარში გაიტაცეს, აწამეს, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. საქმეზე გამოძიებამ ოთხი პირი დააკავა, რომელთაც 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. მოგვიანებით, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ, 2009 წელს კი ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.