პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი პარლამენტში არ შემოვიდა

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა პარლამენტში. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა და მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, სადაც არც ერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული.

ამასთან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები კიდევ უფრო გამწვავდება რაც უფრო დრო გავა და საბოლოო ჯამში, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

„ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ანტიდასავლურები. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შესაბამის ფრთას. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. შეგიძლიათ, მსხვილი ბიზნესმენები იხილოთ „ნაცმოძრაობის“ სიაშიც. მსხვილი ბიზნესმენები არიან სხვა პარტიებშიც, მაგრამ პარლამენტში არ შემოდიან. ყველამ კარგად იცის, რომ ბიზნესის რეკეტი, უბედურება და შანტაჟი იყო 2012 წლამდე ყოველდღიური პრაქტიკა და წარსულს ჩაბარდა. არც ერთი პრეცედენტი აღარ არის. დანარჩენი არის სპეკულაციები. გვესმის, რომ ჩვენი ოპონენტები რადიკალური ოპოზიციიდან ნერვიულობენ. ეს პროცესი დაიწყო და გაგრძელდება. პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები კიდევ უფრო გამწვავდება რაც უფრო დრო გავა და საბოლოო ჯამში, მრავალპარტიული იქნება. ორპარტიული კარგია, თუმცა ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.