თბილისს ხვალ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან
როგორც დღეს, 26 აპრილს, გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განმარტა, დელეგაციას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუ უხელმძღვანელებს. მისივე თქმით, თბილისში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის ვიზიტი იგეგმება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშროლობის ქარტიის ფარგლებში გაიმართება.
„ეს ქარტიის ფარგლებში მხარეებს შორის რიგით მეოთხე შეხვედრაა, რომელიც დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება“, – დასძინა კალანდაძემ.
ჯგუფის მუშაობაში ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი მიიღებენ მონაწილეობას.
წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, ამერიკული დელეგაცია ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდეს.