სამართალი
ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთის ფედერაციასთან არანაირი საზღვრების დადგენა არ მოხდება, სანამ მოსკოვს აფხაზეთი და ცხინვალი აქვს ოკუპირებული

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, რუსეთთან ვერავითარი საზღვრის დადგენა ვერ მოხდება, სანამ მოსკოვს აფხაზეთი და ცხინვალი აქვს ოკუპირებული. მან რუსეთის პრეზიდენტის მიერ დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას უპირისპირებს.

"ეს არ არის ახალი ამბავი. უბრალოდ ადამიანის ცვლილებაა. კერძოდ, ეს კომისია მანამდეც არსებობდა და ახლა უბრალოდ წარმომადგენელი შეიცვალა. ჩვენი პოზიცია ძალიან მყარია, ეს არის ის, რომ რუსეთის ფედერაციასთან არანაირი საზღვრების დადგენა არ მოხდება, სანამ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოებაში არავინ აღიარებს ფიქტიური საზღვრების დადგენას. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართალი ჩვენს მხარეს არის. ერთადერთი, რასაც რუსეთს ვუპირისპირებთ, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მხარდაჭერა. სამწუხაროდ, სხვა ბერკეტი 2008 წლის ომის შემდეგ აღარ გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება, ამიტომ მე აქედან დიდ ამბავს არ შევქმნიდი. რუსეთს საზღვრების დადგენა 2008 წლის ომის შემდეგ უნდა", - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობა მიხაელ პეტრაკოვმა დაიკავა, რომელიც ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.